პურ-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „იფქლის“ განცხადებით, მათი წარმოების ორი სახეობის პური - თეთრი და რუხი „ბატონი“ 10 თეთრით გაძვირდა. ამის მიზეზად კი კომპანიაში ნედლეულზე (ფქვილზე, მარილსა და საფუარზე) ფასის მომატებას ასახელებენ.
„ნედლეულის ფასის ცვლილებებს ავსახავთ ჩვენი პროდუქციის ფასზეც. ორი წლის წინ დავწიეთ პურის ფასი, რადგანაც მაშინ ფქვილის ფასმა დაიკლო. ახლა პირიქითაა“, - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება „ლიტვურ საცხობს“, როგორც „ლიბერალს“ განუცხადეს, მათი წარმოების მხოლოდ რამდენიმე დასახელების პროდუქციაზე ფასი 5 თეთრით გაიზარდა.
მათი თქმით, ისინი პროდუქციას იმპორტირებული ნედლეულით აწარმოებენ, ევროპის ქვეყნებში ნედლეულს დოლარში ყიდულობენ, შემოსავალი კი ადგილობრივ ვალუტაში, ლარში აქვთ.
„ვალუტის კურსის ცვლილების გამო მოგვიწია იმპორტირებული ნედლეულით დამზადებულ პროდუქციაზე ფასის გაზრდა“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე თქმით, 4-5 ლარამდე მოიმატა ადგილობრივი წარმოების თეთრი, უმაღლესი ხარისხის ფქვილის ფასმა, რაც შემდგომ პროდუქციის ფასზეც აისახა.
„ლიტვურ საცხობში“ ასევე აცხადებენ, რომ მათ „ყაზტრანსგაზ თბილისიდან“ მიიღეს ოფიციალური მიმართვა, რომ 1 მარტიდან 1 კბ. გაზის ღირებულება 15 თეთრით გაუძვირდათ და 75 თეთრის ნაცვლად, 90-თეთრიანი ტარიფით იმუშავებენ, რაც შემდგომ პროდუქციის ფასზეც აისახება.