საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე „ქართულ ოცნებაში" გიორგი მარგველაშვილის რეკომენდაციით მოხვდა.
„ოთარ აბესაძე იყო იმ შტაბში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ბატონმა პრეზიდენტმა, რომელიც მაშინ კანდიდატი იყო, შემოგვთავაზა, რომ ეს პიროვნება შტაბში ყოფილიყო და ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ემუშავა", - განაცხადა საგანელიძემ.
რაც შეეხება იმას, რომ აბესაძეს ელისო ჩაფიძე მუქარაში ადანაშაულებს, საგანელიძის მტკიცებით, „ეს ადვილად მოგვარებადი პრობლემაა".
„მე მგონია, რომ ზედმეტად ვამუქებთ ამ თემას. აქ არანაირი უთანხმოება და დაპირისპირება არც შეიძლება იყოს. ეს თემა ძირითადად ეფუძნება იმ საკითხს, რომ ტყიბულის რაიონში პარტიის ერთი-ორი წევრი ზედმეტი აქტურობით გამოირჩევა, რაც არ არის შეთანხმებული არც დეპუტატთან, არც გამგეობასთან და არავისთან, ამან გამოიწვია გარკვეული კითხვები. ეს თემა ძალიან ადვილად მოგვარებადია", - აღნიშნა საგანელიძემ.
როგორც ელისო ჩაფიძემ გუშინ „მაესტროს" ეთერში განაცხადა, ოთარ აბესაძე მას მუქარის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის.
„არ გამოვრიცხავ, რომ ოთარ აბესაძეს სასამართლოში ვუჩივლო და საქმეს მუქარის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინებები დავურთო", - აღნიშნა ჩაფიძემ.
მისი თქმით, ოთარ აბესაძე ტყიბულში ხვდება მოსახლეობას და ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას სთხოვს.