
„არმაზმა უფრო ზოგადი პრინციპი გააჟღერა, რომ უნდა იყოს პოლიტიკური დისციპლინა და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას პარტიის წევრები უნდა ემორჩილებოდნენ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან, დეპუტატების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.
არმაზ ახვლედიანის თქმით, პოლიტსაბჭომ და პრემიერმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და მხარს უჭერენ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს.
კობახიძის აზრით, არმაზ ახვლედიანის განცხადება შესაძლოა არასწორად გაიგეს.
„აქ უფრო პარტიულ დისციპლინაზეა საუბარი და ბუნებრივია, პოლიტსაბჭო რომ გადაწყვეტს, პარტიის წევრები, ვინც ამავე დროს პარლამენტის წევრებიც არიან, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ემორჩილებიან“, - ამბობს კობახიძე.
კობახიძე, ასევე აღნიშნავს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე სანქციებზე საუბარი არ ყოფილა და მედიასივრცეში ამაზე საუბარი ცოტა გაზვიადებულია.