საქართველოს და იაპონიის მთავრობებმა 500 მლნ იაპონური იენის (დაახლოებით 4.2 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით არასაპროექტო გრანტის გამოყოფის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული გრანტის ნაწილით თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ახალი თაობის ავტობუსების შეძენა იგეგმება. კერძოდ, თბილისის ცენტრალურ ნაწილში არსებულ მარშრუტებზე ჰიბრიდული (ელექტრო) ავტობუსები დაინიშნება.
ე.წ. „მწვანე ტრანსპორტის“ პოპულარიზაციის მიზნით, ამავე გრანტით იგეგმება ორი მცირე ზომის ელექტრომობილის შეძენა, რომლებიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაეცემა.
ნოტებსა და თანდართულ დოკუმენტაციას ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ მოაწერეს ხელი.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი ესწრებოდნენ.
იაპონიის მთავრობამ არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში 1997-2014 წლებში საქართველოს გამოუყო 4,2 მილიარდი იაპონური იენი, მათ შორის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდასაჭერის მიზნით.