14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანს, უფლება ექნება, აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკის ტესტირება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ჩაიტაროს, - აღნიშნულის შესახებ კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, მირიან წიკლაურმა მოამზადა.
კანონპროექტის მიხედვით, არასრულწლოვანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს დიაგნოსტიკას, თუ სამედიცინო მომსახურე პირის შეხედულებით ის სწორად აფასებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს არ შეატყობინებენ არასრულწლოვანი პაციენტის მიერ ამგვარი დიაგნოსტიკის ჩატარების შესახებ, დადებითი შედეგის გამოვლენის შემთხვევაში კი აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკის კონფიდენციალურობისა და მშობლის შეტყობინების წესს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი განსაზღვრავს.
კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებას.
ჯანდაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება მინიმუმამდე შეამცირებს აივინფექციის გვიან გამოვლენას, ხელს შეუწყობს დაავადების პროფილაქტიკას და მისი გავრცელების აღკვეთას.