
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე ფრაქცია „ქართული ოცნებას" დახურულ სხდომაზე შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრა იყო საქმიანი, სადაც კრიტიკული გამოსვლებიც იყო.
„შეხვედრა იყო საქმიანი. დაისვა ძალიან კარგი კითხვები, რომელიც ფრაქციის წევრებს ჩემს ხედვებთან დაკავშირებით ჰქონდათ. იყო კრიტიკული გამოსვლებიც. ვფიქრობ, შეხვედრა ეფექტიანი იყო. გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, თავად მიიღებენ. იყო საინტერესო კითხვები ჩემს წარსულ სამოსამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებით, ჩემს სამოსამართლეო საქმიანობის პერიოდში დისციპლინარული სამართალწარმოების საბჭოში მოღვაწეობაზე. ასევე მოითხოვეს სტატისტიკა ჩემ მიერ მიღებულ გამამართლებელ განაჩენებთან დაკავშირებით. კითხვები ასევე დაისვა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და სამართალწარმოების პერიოდში მსხვერპლთა საქმეების გადასინჯვის შესახებ", - აღნიშნა გვენეტაძემ.
როგორც ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ გვენეტაძისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. მისი თქმით, დასმული კითხვებისა და პასუხების შეჯერებისთვის დროა საჭირო.
„შეხვედრისას დაისვა კითხვები, რომელიც მედიის საშუალებითაც გაჟღერდა. ასევე იყო სხვა შეკითხვები. ჩვენ განსჯისთვის საკმაოდ დიდი ინფორმაცია მივიღეთ. საკითხს, უცბად, ერთი ხელის დაკვრით არ გადავწყვეტთ. კიდევ რამდენიმე დღე გვაქვს იმისთვის, რომ ერთმანეთთან კონსულტაციები გავმართოთ", - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.