
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ქვაფენილის ნაცვლად, მერიის გადაწყვეტილებით, ასფალტის საფარი დააგეს. საავტომობილო მოძრაობა, ჯერჯერობით, არ გახსნილა.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე ქვაფენილის ნაცვლად მოდიფიცირებული ასფალტის დაგების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა „ლიბერალს“ რამდენიმე მიზეზი განუმარტა.
„ქვაფენილი ამორტიზებული იყო და ზედაპირზე ჯდენები (დეფორმაცია, ზედაპირის დაწევა) ჰქონდა. წვიმისა და თოვლის დროს მას ნაკლები მოჭიდება აქვს, ვიდრე მოდიფიცირებულ ასფალტს. შესაბამისად, ასეთი ტიპის საფარი უსაფრთხოა. ის უფრო მდგრადია და მეტ დატვირთვაზეა გათვლილი“, - ნათქვამია კეთილმოწყობის სამსახურის მიერ „ლიბერალისთვის" მიწოდებულ ინფორმაციაში.
როგორც კეთილმოწყობის სამსახურში აღნიშნავენ, კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა და მინიმუმ, 50 წლის განმავლობაში ქუჩაზე არანაირი სამუშაოები საჭირო აღარ იქნება.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის სარემონტო სამუშაოებზე, დაახლოებით 3 043 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
ყოფილ ელბაქიძის დაღმართზე გზის სავალი ნაწილი 12 იანვარს ჩაინგრა.