Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანტიდისკრიმინაციული კანონის „მეორე სუნთქვა“ - ცვლილებების პროექტი ომბუდსმენისგან

17 მარტი, 2015 21:54

ანტიდისკრიმინაციულ კანონში ხარვეზებია, რომელიც სახალხო დამცველს თანასწორობის უზრუნველყოფაში უშლის ხელს, - ამბობს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა გიოშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების შესახებ იმსჯელეს. როგორც გიოშვილი ამბობს, მოქმედი კანონმდებლობით, პირის შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტიდან სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა სამი თვის ვადაშია შესაძლებელი. სასამართლოს მიერ დავის განხილვის დაწყების შემთხვევაში სახალხო დამცველი ვალდებულია, საქმის წარმოება შეაჩეროს. მაკა გიოშვილის შეფასებით, დაწესებული ვადა ძალიან მოკლეა.

„8 საქმე მხოლოდ იმიტომ შევაჩერეთ, რომ დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა“, - აღნიშნავს გიოშვილი, - „თუ სასამართლოსთვის მიმართვა არ დაგვაყოვნებს, საშუალება მოგვეცემა, ფაქტი კარგად გამოვიკვლიოთ, რაც სასამართლოსაც დაეხმარება“. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ვადის ერთ წლამდე გაზრდას მოითხოვს. გარდა ამისა, მოქმედი კანონით, სახალხო დამცველი ვალდებულია, საქმის წარმოება შეაჩეროს თუ მას ადმინისტრაციული ორგანოები განიხილავენ. გიოშვილის თქმით, ეს ორგანო ვერასდროს დაადგენს დისკრიმინაციის ფაქტს, ვერ გასცემს რეკომენდაციას და ზარალს ვერ აანაზღაურებს.

სახალხო დამცველის წინადადება მტკიცებულებების მოგროვების საკითხსაც ეხება. როგორც გიოშვილი ამბობს, კანონით, საჯარო დაწესებულებამ 10 დღის ვადაში უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, თუმცა ეს კერძო პირებს არ ეხებათ. ომბუდსმენი მოითხოვს, რომ მხარეს უნდა ჰქონდეს სახალხო დამცველთან თანამშრომლობის არაპირდაპირი ვალდებულება, მაგალითად, კერძო დაწესებულებიდან ვიდეოჩანაწერის მოპოვების უფლება.

სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, ანტიდისკრიმინაციულ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, თუ კერძო პირი ან საჯარო დაწესებულება არ წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას, ხოლო საქმეში არსებული მასალა დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის გონივრული ვარაუდის საფუძველს ქმნის, მაშინ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩაითვალოს.

რაც შეეხება სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების საკითხს, კანონის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, 20 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია რეკომენდაციის შესრულების შესახებ. გიოშვილის თქმით, კერძო პირს ასეთი ვალდებულება არ აქვთ, ამიტომ ომბუდსმენი კანონმდებლობაში ამ საკითხის ასახვას მოითხოვს.

საკანონმდებლო წინადადებების ავტორების განცხადებით, მოსამართლეები ცდილობენ, დისკრიმინაციის საქმეები თავიდან აიცილონ, ვინაიდან ქვეყანას ამ მიმართულებით გამოცდილება არ გააჩნია. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, დისკრიმინაციის საქმეების განხილვისას საჭიროა სახალხო დამცველის, როგორც სასამართლოს მეგობრის, ინსტიტუტის გამოყენება, ანუ სახალხო დამცველის აპარატს სასამართლოზე მოსაზრების წარდგენის უფლება უნდა მიენიჭოს.

მოსმენის შემდეგ შენიშვნები გამოთქვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ, რომლის განმარტებითაც, სახალხო დამცველის მხარემ არ უნდა მოახდინოს გავლენა მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რადგან, მისი თქმით, ომბუდსმენის პოზიტიური შეფასება რომელიმე მხარის მიმართ გავლენას იქონიებს მოსამართლის მოსაზრებებზე, საქმის განხილვისას.

როგორც „ლიბერალს“ „კოალიცია თანამშრომლობისთვის“ წარმომადგენელმა, ლინა ღვინიანიძემ უთხრა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ორი გარემოების გათვალისწინება, რომ სასამართლოს მეგობრის ინსტუტუტი გულისხმობს სასამართლოს მხარდაჭერას და რომ კონკრეტული საკითხი არა კონკრეტული მხარის, არამედ ადამიანის უფლებების სტანდარტის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

ფოფხაძემ შენიშვნები გამოთქვა ომბუდსმენის ინსტიტუტის მიერ კერძო სექტორისგან ინფორმაციის მიღების ნაწილზეც.

ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ ომბუდსმენს აქვს გარკვეული ტიპის უფლებამოსილება, კერძო სექტორისგან მიიღოს ინფორმაცია, თუმცა ის ამ უფლებას, ფაქტობრივად, ვერ იყენებს, რადგან კერძო სექტორი ამ ინფორმაციას არ გასცემს.

„კონკრეტული მექანიზმი უნდა შემუშავდეს, რომ ეს სტანდარტი კერძო სექტორზეც გავრცელდეს. მათ უნდა დაეკისროთ ვალდებულება, რომ  მინიმუმ, ინფორმაცია წარმოადგინონ. აქ არ არის საუბარი სანქციებზე. არ არის ლაპარაკი ინფორმაციის გაცემის ვალდებულებაზე, არამედ იმაზე, რომ, თუ კერძო პირი ინფორმაციას არ გასცემს, დისკრიმინაციის ფაქტი დადასტურებულად ჩაითვალოს. ეს არის მოტივაცია, რომ მხარემ გასცეს ინფორმაცია და დაიწყოს დავა, დაასაბუთოს, წარადგინოს ფაქტობრივი გარემოებები“, - ამბობს ღვინიანიძე „ლიბერალთან“ საუბარში.

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების სამომავლოდ განხილვის წინაპირობით, საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტად ინიცირებას მხარი დაუჭირა. ომბუდსმენის აპარატის პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც მოუსმენენ. 

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ კომიტეტმა ომბუდსმენის მიერ შეთავაზებული ცვლილებები, შეძლებისდაგვარად, მალე უნდა მიიღოს, რადგან იგი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით.

„შემფასებელთა მისიის ანგარიშში წერია, რომ საქართველომ კანონში შესაბამისი ცვლილებები უნდა შეიტანოს, რათა აღსრულების მექანიზმი უფრო ეფექტიანი გახდეს. დღეს წარმოდგენილი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია და მას მხარს უჭერს თანასწორობის კოლიცია“, - ამბობს ჩხიკვაძე „ლიბერალთან“ საუბარში.

მისი განმარტებით, თუ კანონის მიღება დროზე ვერ მოესწრება, შესაძლოა, ევროკავშირისგან საქართველომ დამაკმაყოფილებელი შეფასება ვერ მიიღოს.

„რიგის სამიტი 20-21 მაისისთვის არის ჩანიშნული და მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებების მიღება დაჩქარდეს. ეს ცვლილებები თითქმის სრულად მიგვაახლოებს იმასთან, რასაც ევროპული მხარე მოითხოვს. დიდია ალბათობა, რომ მათი მიღების შემთხვევაში ევროკავშირმა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა დადებითად შეაფასოს“, - ამბობს ჩხიკვაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^