„2015 წლის 16 მარტს, საღამოს ათის ნახევარზე, თავს დაესხნენ ადვოკატ დავით კაკოიშვილს თავისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან", - განცხადებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ავრცელებს.
როგორც ხატიაშვილი აღნიშნავს, კაკოიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტანსაცმელი შემოახიეს.
„დავით კაკოიშვილი ჩვენი ახალგაზრდა კოლეგაა, იგი ადვოკატთა ასოციაციაში ორი თვეა გაწევრიანდა. ფაქტობრივად, ცდილობენ ახალგაზრდა კაცს დაუნგრიონ ცხოვრება. ადვოკატ დავით კაკოიშვილზე თავდასხმა სავარაუდოდ, მისი დაშინების მიზნით არის ჩადენილი, რაც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ტრადიციად იქცა. დავით კაკოიშვილი ეხმარება ადვოკატ ოთარ კახიძეს, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების ადოკატი ბრძანდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატზე თავდასხმას სავარაუდოდ პოლიტიკური ელფერი აქვს, რაც საგანგაშო ფაქტია. დავით კაკოიშვილზე განხორციელებული თავდასხმა პირველი შემთხვევა რომ იყოს ადვოკატებთან მიმართებაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნულს ხულიგნურ ქმედებას მივაწერდი, მაგრამ ადვოკატების ცემის წახალისება ხელისულფლების მხრიდან მიგვანიშნებს მმართველი გუნდის ნებაზე განხორციელდეს აგრესია იმ ადვოკატებთან მიმართებაში, რომლებიც ხელისუფლებისთვის მიუღებელ მაღალჩინოსნებს იცავენ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მოვითხოვე მთავარი პროკურორისგან ადვოკატების რომეო საჯაიას, ირაკლი ზაქარეიშვილის, ნონა კირთაძის, ნუგზარ სამარჯიშვილის, დიმიტრი გაბუნიას მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ფაქტების გამოძიება, მაგრამ პროკურატურამ არცერთი სავარაუდო დამნაშავე არ დააკავა. პროკურატურის უმოქმედობამ წაახალისა ყველა ის პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაუსწორდეს ადვოკატს, რაც სამარცხვინო ფაქტია.
იმ არაკვალიფიციური პროკურორების გასაგონად, რომლებმაც არ იციან საერთაშორისო სტანდარტები ადვოკატებთან მიმართებაში განვმარტავ, რომ ადვოკატის მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან გაიგივება წარმოადგენს საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლას. მთელი ცივილიზებული სამყარო ადვოკატებთან მიმართებაში ხელმძღვანელობს გაეროს ძირითადი პრინციპებით ადვოკატის როლის შესახებ (27 აგვისტო-7 სექტემბერი, 1990, ჰავანა), რომელიც შემდგომ მთლიანად ასახულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დადგენილებაში.
გაეროს ძირითად პრინციპებში, ადვოკატის როლის შესახებ აღნიშნულია, რომ:
16. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა :
ა). შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე;
ბ). შეძლონ თავისუფლად გადაადგილდნენ და კონსულტაცია გაუწიონ კლიენტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და
ც). თავიანთი პროფესიული მოვალეობების, წესებისა და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო არ განიცადონ გაკიცხვა, ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სანქციების მუქარით.
17. როდესაც ადვოკატთა უსაფრთხოებას, მათ მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო საფრთხე ემუქრება, ისინი სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული ხელისუფლების მიერ.
18. ადვოკატები თავიანთი ფუნქციის შესრულების გამო არ უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული მათ კლიენტებთან ან მათი კლიენტების ქმედებასთან;
ხელისუფლებას ვაძლევ ერთ კვირის ვადას ჩაატაროს ეფექტური გამოძიება ადვოკატ დავით კაკოიშვილს მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და დასაჯოს ის პირები, ვინც მონაწილეობდენ ადვოკატის მიმართ განხორცილებულ ძალადობაში", - ნათქვამია ხატიაშვილის განცხადებაში.