
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს ეხმაურება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ კანონმდებლობის ცვლილება უმეტესად ტექნიკურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს, არამედ იყოს შინაარსობრივი და აძლიერებდეს ამ ინსტიტუტის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის მექანიზმს.
„საგადასახადო (ბიზნეს) ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც, ჩვენი შეფასებით, საკმაოდ ეფექტიანად ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებს, საჭიროებს საკუთარი უფლებამოსილებისა და როლის გაძლიერებასა და დახვეწას, რათა ხელი შეეწყოს ამ საქმიანობის განხორციელებაში. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მოხდეს ბიზნესომბუდსმენის მიერ თანამდებობის დაკავების წესის იმგვარი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს უწყების ინსტიტუციური მდგრადობის გაუმჯობესებას და მისცემს მას დამოუკიდებლობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მეტ გარანტიას. ამის განხორციელება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიზანშეწონილად მიაჩნია, პირველ რიგში, ამ ინსტიტუტის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებისა და ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩევა კონკრეტული ვადით", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათი თქმით, პროექტის თანახმად, ტერმინი „საგადასახადო ომბუდსმენი“ „ბიზნესომბუდსმენით“ იცვლება. წარმოდგენილი კანონპროექტიც მთავრობის N92 დადგენილების საფუძველზეა შექმნილი და, ძირითადად, მის ნორმებს იმეორებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის კანონით დარეგულირებას. თუმცა ვფიქრობთ, დადგენილების შეცვლა კანონით და საგადასახადო ომბუდსმენის თანამდებობის ტერმინოლოგიური ცვლილება საკმარისი არ არის ინსტიტუტის ფუნქციონირების სრულყოფისათვის. მნიშვნელოვანია, კანონი ითვალისწინებდეს ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის, გათავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების იმ გარანტიებს, რომელიც მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტი იქნება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.