მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ ძვირდება, ამისთვის კი 12 მარტიდან რამდენიმე ხაზის მიკროავტობუსის მძღოლების ყოველდღიური მოსაკრებელი 3 ლარით გაიზრდება - ამის შესახებ განცხადებას „თბილისის მიკროავტობუსი" ავრცელებს.
„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ითვალისწინებს მოსახლეობის რთულ სოციალურ მდგომარეობას და უარს ამბობს სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის გაძვირებაზე.
ლარის თითქმის 30%-იანი გაუფასურების მიზეზით, მოცემული მომსახურების სფერო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა დოლარში აღებული საბანკო ვალდებულების გამო, კომპანიას ყოველთვიური საბანკო მომსახურების ხარჯი 400 ათასით ლარით გაეზარდა.
შესაბამისად, რომ არ მოხდეს მგზავრობის ტარიფის გაზრდა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
რამდენიმე ხაზის მიკროავტობუსის მძღოლების ყოველდღიური მოსაკრებელი 12 მარტიდან 3 ლარით გაიზრდება.
დღემდე მძღოლების დღიური შემოსავალი საშუალოდ 40-დან 80 ლარამდე იყო, საწვავის გაიაფებასთან დაკავშირებით კი მათი ყოველდღიური ხელფასი საშუალოდ 15 ლარით გაიზარდა ანუ მძღოლების დღიური სარგო, საშუალოდ, მერყეობს 55-დან 95 ლარამდე. აღნიშნული დანაზოგიდან სამი ლარის კომპანიისთვის გადახდა წარმოადგენს იმ გამოსავალს, რითაც არ გაიზრდება მგზავრობის საფასური, ასევე გამოსწორდება კომპანიის ფინანასური მდგომარეობა, რაც საბოლოოდ აისახება როგორც მძღოლების კეთილდღეობაზე, ასევე მომსახურების სტანდარტებისა და მგზავრობის საფასურის შენარჩუნებაზე“.