„კუსტარული ნარკოტიკების მოხმარების 90%-ით შემცირების შესახებ მონაცემს ძალიან კრიტიკულად ვაფასებთ. არ მიმაჩნია, რომ ეს არის მონაცემები, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ და ვთქვათ, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში გადაჭრილია“, - ამის შესახებ „ლიბერალთან“ საუბრისას წამალდამოკიდებულების კვლევების ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას” ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი ამბობს.
მისი თქმით, კუსტარული ნარკოტიკების მოხმარების 90%-ით შემცირების მონაცემებს ბოლო თვეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებდა და როგორც ჩანს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ავტორებმა ეს მონაცემები გამოიყენეს. რაც, მისი თქმით, გასაკვირი არც არის: „რატომ უნდა შეეპაროთ ეჭვი, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა რაღაც მონაცემებს აჟღერებს“.
ოთიაშვილის თქმით, „ალტერნატივა ჯორჯია“ რამდენჯერზე სცადა გაეგო, თუ რას ეფუძნებოდა შსს-ს მტკიცება ამ მონაცემის გავრცელებისას, თუმცა მათგან პასუხი ვერ მიიღეს.
„მივიჩნევთ, რომ ეს მაჩვენებელი მათ ნარკოტესტირების შედეგად მიღებული მონაცემებით მიიღეს, თუმცა ვერავითარ შემთხვევაში ეს ვერ იქნება ერთადერთი წყარო იმისათვის, რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებები ვაკეთოთ და ვამტკიცოთ, რომ ქვეყანაში კუსტარული ნარკოტიკების მოხმარება 90%-ით შემცირდა“, - აცხადებს ოთიაშვილი.
მისი თქმით, ამგვარი დასკვნისთვის ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან უნდა იყოს მოძიებული, შემდგომ კი ეს მონაცემები ერთმანეთთან იყოს შედარებული.
ოთიაშვილმა „ლიბერალთან“ საუბრისას „ალტერნატივა ჯორჯიას“ მონაცემები მოიყვანა, რის მიხედვითაც 2013 წელს ინექციური მომხმარებლების 53% მოიხმარდა ე.წ. კრაკადილს, ხოლო 2014 წელს ეს მაჩვენებელი 35%-მდე შემცირდა, ანუ კუსტარული ნარკოტიკის მოხმარება არა 90%-ით, არამედ 18%-ით შემცირდა.
ოთიაშვილის თქმით, აღნიშნული მონაცემები ყოველწლიური გამოკითხვის შედეგებს ემყარება, როდესაც ქვეყნის მასშტაბით 1000-1500-მდე ნარკოტიკის ინექციური მომხმარებლის გამოკითხვა ხდება.
„გამოკითხვას ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ ყოველ გაზაფხულზე და წლის ბოლოს ატარებს. ისინი თავიანთ ბენეფიციარებს ეკითხებიან, თუ რა ნარკოტიკი მოიხმარეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ამ მონაცემებს ჩემი ორგანიზაცია აგროვებს და ამუშავებს. შესაბამისად, გვაქვს წარმოდგენა, ნაკოტიკების ინექციური მომხარებლები რომელ ნარკოტიკს უფრო მეტად მოიხმარდნენ. ბოლო გამოკითხვა 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოეწყო, რეცეპტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ და გამოჩნდა, რომ 2014 წელს ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა 35%-მა მოიხმარა კუსტარული ნარკოტიკი, ეს მონაცემი 2013 წელს 53% იყო“, - ამბობს ოთიაშვილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში „2013 წლიდან, სახლში დამზადებული ნარკოტიკების მოხმარება და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტი 90%-მდე შემცირდა".
ივნისში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ქვეყანაში „კრაკადილის“, „ვინტისა“ და „ჯეფის“ მოხმარება 90%-ით შემცირდა“.
„სტატია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“. პროექტის თანადამფინანსებელია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად”.