
„უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტით, ვიზის გაცემაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ, რომელიც არ საბუთდება.
კანონპროექტით, ასეთ საფუძვლებად შემდეგი შემთხვევები განიხილება: თუ უცხოელს აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისთვის; თუ საქართველოში უცხოელის ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ან თუ საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიუღებელია უცხოელის საქართველოში ყოფნა.
პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ რამდენადაც ვიზის გაცემაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძვლების არსებობისას უარის თქმის შესახებ დასკვნის დასაბუთების ვალდებულება არ არის, ასეთ შემთხვევაში აზრსმოკლებულია ზეპირი მოსენის გამართვა და აღნიშნულ მოსმენაზე უცხოელის დაბარება.
კანონპროექტით, რომლის ავტორებიც ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროები არიან, იზრდება ვიზის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოების ჩამონათვალი, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემის უფლებამოსილება ენიჭება.
კანონპროექტით, ვიზების მოპოვების პროცედურის გამარტივებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დატვირთულობის შემცირების მიზნით, „საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე გასცეს ელექტრონული ვიზა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ვიზის მისაღებად საჭირო სავიზო განაცხადის წარდგენა მოხდება სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის - „ელექტრონული ვიზის პორტალის“ მეშვეობით“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზის გაცემასთან დაკავშირებით პროექტში გათვალისწინებულია რამდენიმე რეგულაცია, კერძოდ, „ელექტრონული ვიზის პორტალის“ მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენის ვალდებულება არ ეხება ელექტრონული ვიზის გაცემას იმ შემთხვევაში, როცა საიმიგრაციო ვიზა ელექტრონული ფორმით გაიცემა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე. ასეთ შემთხვევაში ელექტრონული საიმიგრაციო ვიზები ზოგადი წესით გაიცემა.
კანონპროექტით, დაუშვებელია მოკლევადიანი ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 10-დღანი ვადის გაზრდა, რადგან, როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ვიზის ელექტრონული ფორმით გაცემის არსი სწორედ ვიზის ოპტიმალურ ვადაში გაცემის შესაძლებლობაში მდგომარეობს, ხოლო მისი გაცემის ვადის 1 თვემდე გაზრდის შესაძლებლობა ამას გამორიცხავს.
კანონპროექტი ვიზის მისაღებად წარსადგენი აუცილებელი რიგი დოკუმენტების ამოღებასაც ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, კანონიდან ამოღებულია გასაუბრებაზე დასაზუსტებელი საკითხების ჩამონათვალი: არასრულწლოვანი და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე ვიზის გაცემის შემთხვევაში, მათი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საჭიროების შესახებ ჩანაწერი.
იმ უცხოელებისთვის, რომელთა ქვეყანაშიც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, კანონპროექტი ითვალისწინებს ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ვიზის გაცემა მიენდობა იმ მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსთვის.
რაც შეეხება საქართველოს ვიზის მიღების მსურველ იმ უცხოელებს, რომლებიც მესამე სახელმწიფოში იმყოფებიან, კანონპროექტი ითვალისწინებს მოქმედ კანონში ჩანაწერის გაუქმებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ვიზის მოთხოვნით მესამე სახელმწიფოში მდებარე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის/საკონსულოსთვის მიღების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ მათ მოქალაქეობის ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო არ აქვს.
რამდენადაც ვადის გაგრძელების საფუძველი შესაძლოა ვიზის მოქმედების ბოლო დღესაც წარმოიშვას, პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ პირს ვადის გაგრძელების მოთხოვნით, სავიზო განაცხადის წარდგენა ვიზის მოქმედების ვადის გასვლამდე ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს. შესაბამისად, კანონპროექტით, უცხოელს, რომელმაც ვიზის გაგრძელების შესახებ განაცხადი წარადგინა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და გათავისუფლდება ჯარიმებისა და ვალდებულებებისაგან, ამასთან არ დაექვემდებარება საქართველოდან გაძევებას ვადის გაგრძელების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
პროექტით, უქმდება კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 7-დღიანი ვადაა დაწესებული. „ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება იმავე ვადაში მიიღება, რა ვადაშიც ხდება შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
პროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას მიიღებს შსს, ხოლო სხვა შემთხვევაში - საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან შსს, იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანოსთვის გახდება ცნობილი ვიზის შეწყვეტის საფუძველი.
ბინადრობის ახალი სახე - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება 35 000 აშშ დოლარს აღემატება (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა). აღნიშნული ნებართვა ერთი წლის ვადით გაიცემა და მისი მოქმედების ვადა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში უქმდება.
ასეთივე ღირებულების უძრავის ქონების ფლობის შემთხვევაში, ცვლილებები ვრცელდება მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის პირობებზეც, კერძოდ, თუ მოქმედი კანონით ასეთი ვიზა 5 წლით გაიცემა და ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში ყოფნის უფლებას გულისხმობს, კანონპროექტით, ეს ვადა 90 დღიდან 1 წლამდე იზრდება.
კანონპროექტით, ვიზის სხვადასხვა კატეგორია გაიცემა შემდგომ პირებზე:
A4 კატეგორიის ვიზა გაიცემა საქართველოს საპატიო კონსულებსა და მათ ოჯახის წევრებზე, თუ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან;
A5 - სახელწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ პირებზე, სამუშაო ვიზით საქართველოში მომავალ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებზე;
B1 - სხვა სახელმწიფო დელეგაციის წევრებზე; სამუშაო ვიზიტით საქართველოში მომავალ სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტის მფლობელ პირებზე; ზემოაღნიშნულ პირთა თანმხლებ ოჯახის წევრებსა და სხვა თანმხლებ პირებზე;
B2 - სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წამომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულების მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე, მათი ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშრისო და ჰუმანიტარული ორგანიაციების წამომადგენლობების თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებზე; A2 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა თანმხლებ კერძო შინამუშაკებზე;
B3 - საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალ პირებზე, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებზე;
B4 - საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ პირებზე;
C2 - ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად მომავალ პირებზე;
C3 - პირებზე, რომლებიც საქართველოში საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკების მიზნით მოემგზავრებიან. სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიერო კვლევით, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების მონაწილეებზე, ჟურნალისტური საქმიანობის შესასრულებლად მომავალ პირებზე. საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული;
C4 - სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ან გასაწევად, საქველმოქმედო საქმიანობის მიზნით მომავალ პირებზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეზე ან მზრუნველზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე, სამკურნალოდ, ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, წმინდა ადგილების მოსალოცად და რელიგიური კონტაქტების დასამყარებლად მომავალ პირებზე;
D1 - შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად მოამვალ პირებზე, კომპანიებისა და ფირმების წამომადგენლებსა და კონსულტანტებზე, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან; უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შემოდიან; სამეწარმეო საქმიანობის მიზნით მომავალ პირებზე;
D2 - მეცნიერული, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით მომავალ პირებზე; თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე; უცხოელებზე, რომლებიც მოემგზავრებიან სტაჟირების მიზნით ან მოხალისედ; მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან;
D3 - საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩატარების მიზნით მომავალ პირებზე, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებზე;
D5 - პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და მისი ოჯახის წევრებზე (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი).