
17 ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას პროტესტს უცხადებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებს შორის არიან: რიჩარდ ჟარნეცკი (ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, კონსერვატორთა და რეფორმატორთა პოლიტიკური ჯგუფი), ჰეიდი ჰაიტალა (ევროპის პარლამენტის მწვანეთა პოლიტიკური ჯგუფის წევრი, აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის - ევრონესტის თანათავმჯდომარე), სანდრა კალნიეტე (ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ევროპის პარლამენტში), ანა გომეში (სოციალისტთა და დემოკრატთა პოლიტიკური ჯგუფი, ცნობილი პორტუგალიელი პოლიტიკოსი) და სხვები.
დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ შერჩევითი სამართლის მრავალ შემთხვევას საქართველოში, გიგი უგულავასათვის ახალი ბრალის წარდგენის ფაქტი ემატება.
„ევროპარლამენტართა აზრით, ამის მიზეზი 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის შემდგომი გახანგრძლივება და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებისა და ევროპული სამართლის სტანდარტების უგულებელყოფაა. წერილის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, ყურად იღოს ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის ანგარიშში ასახული კრიტიკა, სამართლიანი სასამართლოს პირობების დარღვევების გამო, და ხაზს უსვამენ, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად განიხილება, - აცხადებს დარჩიაშვილი.