
„პრემიერ-მინისტრმა, ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა“, - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „უზნეო სპეკულირებაა" თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადება, თითქოს მინისტრის თანამდებობაზე მისი ბოლო ვიზიტის დროს პარიზში მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, არ მოეწერა ხელი საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებისთვის.
„მე არ ვისურვებდი ამ თემაზე რამე სერიოზული განცხადების კომენტირებას. მიმაჩნია, რომ მსგავსი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე“, - თქვა ღარიბაშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი პრემიერს პასუხობს, რომ ის უდანაშაულო ადამიანებს ატყვევებს და პროკურატურას პოლიტიკური ზეწოლისათვის იყენებს.
„უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონიდან პრემიერს კიდევ ერთ განმარტებას მივცემ და ვეტყვი, რომ თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე ხელის შეშლა არის სახელმწიფოს მავნებლობა. ამაზე მას მომავალში პასუხი მოეთხოვება", - თქვა ალასანიამ.