დაბინძურებული ჰაერი და წყალი, ღია კარიერები და გახშირებული ონკოლოგიური დაავადებები - ამ საკითხებზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა სახლში გამართულ დისკუსიაზე - „ეკოლოგიური პრობლემები ჭიათურაში“.
არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის პროექტების მენეჯერი ნინო გაფრინდაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შედეგად როგორც ბუნებრივ, ისე სოციალურ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებით ყველაზე სენსიტიური რეგიონია.
გაფრინდაშვილმა CENN-ის მიერ 2011 წელს წარმოებული კვლევის შედეგები მოიყვანა, რის მიხედვითაც ჭიათურაში ჰაერის დაბინძურება 3-ჯერ აღემატება მტვრის შემცველობის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.
რაც შეეხება წყალს, გაფრინდაშვილის თქმით, მადნის მოპოვების შედეგად მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი მოძრაობის რეჟიმი ირღვევა და კარიერებიდან ჩაჟონილი მარგანეცის მადნის შემცველი ტოქსიკური ელემენტებით ბინძურდება.
მისივე თქმით, მდინარე ყვირილაზე არ არსებობს საწარმოო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ინფრასტრუქტურა და ამიტომ „ის, ფაქტობრივად, შავი მოედინება“.
გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის გაუსნებოვნება არანაირი მეთოდით არ ხდება.
მარგანეცის ღია კარიერული წესით ამოღების დროს არანაირი წესები არ არის დაცული. კარიერებიდან მარგანეცის ამოღების შემდეგ არ ხდება მისი რეკულტივაცია (ისეთი მიწების პროდუქტიულობის აღდგენა, რომლებიც უნაყოფო გახდა ადამიანის მოქმედების (სასარგებლო წიაღისეულის ამოღების, ჰიდრონაგებობათა მოწყობის, ტყეების გაჩეხის, ქალაქთმშენებლობისა და სხვ.) შედეგად). - აცხადებს გაფრინდაშვილი.
ნინო გაფრინდაშვილის თქმით, „ფაქტობრივად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უსარგებლო ხდება და სოფლის მოსახლეობას გამოსაყენებლად ტერიტორია აღარ რჩება“.
აღსანიშნავია, რომ FACTCHEK-ის მიერ გარემოს დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ჭიათურაში გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ 2013 წელს 2 246 955 ლარი შეადგინა, რაც საქართველოს მასშტაბით გარემოსადმი მიყენებული ზიანის 35%-ს შეადგენს. 2014 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა და ჭიათურაზე გარემოსადმი მიყენებული ზიანმა 89% შეადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენელი ირინა ფუტკარაძე ჭიათურის პრობლემების საფუძლებს მოუწესრიგებელ საკანონმდებლო ბაზებში ხედავს. მისი თქმით, არ არსებობს რეგულაციები, რომელიც საწარმოებში სანიტარულ-ჰიგიენურ, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარებას მოაწესრიგებს.
მისი თქმით, საწარმოებზე ამ მხრივ სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგიც არ ხდება.
„დღეს მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებული ვართ მეწარმის კეთილ ნებაზე, რომელიც ხშირ შემთხევევაში კარგად არ მუშაობს“, - ამბობს ფუტკარაძე.
მისი აზრით, ვითარების დასარეგულირებლად სახელმწიფომ პოლიტიკა უნდა გაამკაცროს - ერთი მხრივ, ბიზნესის გაფართოების სასათბურე პირობები შეინარჩუნოს და მეორე მხრივ, დაცული იყოს მოსახლეობისთვის ეკოლოგიური პირობები.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდიამ მანგანუმის მომპოვებელ საწარმოში არსებულ შრომით პირობებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, საწარმოში საჩვენებლად მოწესრიდგა საპირფარეშოები, საშხაპეები და გასახდელები, თუმცა იქ დასაქმებულ ადამიანებს მოძველებული ხელსაწყოებით უწევთ მუშაობა, რაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს.
„70-80-იანი წლების მეთოდებით ხდება მანგანუმის მოპოვება, პრობლემაა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ვაგონები, რომელიც მაღაროში შედის და გამოდის. კვლავ პრობლემაა ელექტროგაყვანილობები. ერთია, რომ ჭიათურაში ხალხი ცუდ ეკოლოგიურ პირობებში მუშაობს, მაგრამ შემდეგ გამოდის და დაბინძურებულ ეკოლოგიურ გარემოში უწევს ცხოვრობა“, - ამბობს ალექსანდრია.
ალექსანდრიამ, „ლიბერალთან“ საუბრისას შრომის ინსპექციის დროულად შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინსპექციამ პირველ რიგში უბედური შემთხვევების პრევენცია უნდა მოახდინოს.
მისი თქმით, ინსპექცია დაეხმარება დამსაქმებელს და დასაქმებულებს, რომ წინდაწინ შეისწავლონ სარისკო პირობები, შეაფასონ რისკები, რათა უბედური შემთხვევა არ მოხდეს.
ხოლო თუ ასეთი შემთხვევა მაინც მოხდა, სამუშაო პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ინსპექციას სანქციების დაწესების უფლება ექნება.
როგორც დისკუსიისას „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა სოფო ბეროშვილმა აღნიშნა, მდინარის დაბინძურება მხოლოდ მათი კომპანიის მხრიდან არ ხდება.
მისი თქმით, მდინარეში სხვა კომპანიების საწარმოო ჩამდინარე წყლებიც ხვდება. ბეროშვილის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ამ საკითხის მოსაგვარებლად, სპეციალური ქარხანა შეიძინა, რომელიც 2016 წლიდან შევა ექსპლუატაციაში.
„შესაბამისად, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან მდინარეში დაბინძურებული წყალი აღარ ჩავა, თუმცა ვერ გეტყვით, სხვა კომპანიები რას იზამენ“, - ამბობს ბეროშვილი.
მისივე თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროში წარადგინეს დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია, თუ როგორ შეამცირებენ გარემოზე ზემოქმედებას, რას აპირებენ ამ კუთხით.
ბეროშვილის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა 10 წელს მოიცავს.
მისი თქმით, კომპანიას ჰაერის დაბინძურებაშიც ნაკლებად მიუძღვის ბრალი. როგორც ბეროშვილი ამბობს, კომპანიის საქმიანობა ჭიათურაში რეკულტივაციასა და წყალს უკავშირდება.
როგორც ბეროშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ასევე შეთანხმებულია რეკულტივაციის გეგმები.
„სანამ არ მივიღებთ იმ შედეგს, რომ იქ ტყე გაშენდეს, არ მოვეშვებით. ამ გაზაფხულზე დაიხურება 10-13 ჰექტარამდე კარიერი, შემდეგ კი კომპანია სხვა კარიერზე გადავა“, - ამბობს ბეროშვილი.
ადამიანის უფლებათა სახლში დისკუსიაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა ნანა ნინაშვილი ჭიათურაში ონკოლოგიური დაავადებების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, არსებობს უამრავი რისკფაქტორი, რაც ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს და იმისათვის, რომ კონკრეტულად განისაზღვროს, ონკოლოგიური დაავადებების რა წილია გამოწვეული მანგანუმით, სიღრმისეული ეპიდემიოლოგიური კვლევა საჭირო.
თუმცა, რაც შეეხება სხვა დაავადებებს, ნინაშვილის თქმით, მანგანუმით ჰაერისა და წყლის დაბინძურება იწვევს ნერვულ, ალერგიულ, სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებებს, ბრონხიტებს და ა.შ.
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე მინდორაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემებს კომპლექსური მიდგომა სჭირდება და მას ერთი რომელიმე კონკრეტული უწყება დამოუკიდებლად ვერ გადაჭრის.
მინდორაშვილი საკანონმდებლო ბაზის ხარვეზებზე საუბრობს.
„ის ნორმატიული აქტები, რომლებიც საწარმოებიას და სხვა ობიექტების მოწყობის წესებს არეგულირებდნენ, 2007 წელს გაუქმდა. დარეგულირებული იყო მანძილი, რაც აუცილებელი იყო ამა თუ იმ სამრეწველო ობიექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის, რათა მას მავნე ზეგავლენა არ მოეხდინა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ა.შ.“, - ამბობს მინდორაშვილი.