Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიო ► მოითხოვდა თუ არა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცეცხლსასროლ იარაღს

01 აპრილი, 2015 20:29

თბილისის მერიასთან არსებული „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ უფროსის, თეიმურაზ ფხალაძის თქმით, სააგენტო არც ითხოვს და არც არასდროს მოუთხოვია, სააგენტოსთვის ძაღლების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მიენიჭებინათ.

ფხალაძის მოადგილემ ლერი ქვარაიამ კი 16 მარტს „ლიბერალს“ განუცხადა, რომ სააგენტომ მისთვის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლების მინიჭების წინადადებით თბილისის მერიას მიმართა და პროექტის მოწონების შემთხვევაში, მისთვის საკანონმდებლო წინადადების სახის მიცემაზე დაიწყებოდა მუშაობა.

სააგენტოსთვის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლების მინიჭების მცდელობა ოფიციალურ დოკუმენტებშიც იკვეთება: საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ წესდების დამტკიცების შესახებ 12 დეკემბრის დადგენილება (17-56) გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ  სააგენტოს, თავისი ფუნქციების შეუფერხებლად შესრულების მიზნით, სხვა საშუალებებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებამოსილება უნდა მინიჭებოდა.

საკრებულომ დოკუმენტში ცვლილებები ამოქმედებამდე შეიტანა. უკვე 2015 წლის პირველ იანვარს ძალაში შესულ დადგენილებაში კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ ჩანაწერი ამოღებულია

იმის დასამტკიცებლად, რომ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლების მიღებას საკრებულოს დახმარებით არ ცდილობდა, საკრებულოს გარემოს დაცვის კომიისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლების მინიჭების უფლებამოსილება არ გააჩნია. საქმე ის არის, რომ 12 დეკემბერის დადგენილების თანახმად, საკრებულო „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" იარაღის გამოყენების უფლებას ანიჭებს.

2015 წლის 2 თებერვალს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ, გია ცაგარეიშვილმა თბილისის მერ დავით ნარმანიას ოფიციალური წერილით მიმართა. იგი აღნიშნავდა, რომ კომიტეტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს ცხოველთა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც „ადამიანის კომპანიონი ცხოველების (pet animals) კეთილდღეობისა და მათი უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შემუშავებასა და მიღებას ითხოვდნენ. დოკუმენტში ცაგარეიშვილი მერიას სთავაზობს, კანონის მომზადებაში „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ აქტიურად ჩაერთოს.

კომიტეტის თავმჯდომარის ამ წერილს 2015 წლის 17 თებერვალს თბილისის მერის მოადგილე, გიორგი ხელაია ოფიციალური წერილით გამოეხმაურა, რომელიც მიმოწერაში აღნიშნავს, რომ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ“ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის თვისობრივად ახალი პროექტი შეიმუშავა. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ უფლებამოსილებების მიზანმიმართულად გამოყენებისა და სააგენტოს ამოცანების ეფექტიანად განხორციელებისთვის, ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესთან ერთად „სააგენტოს მიერ, ასევე შემუშავებულია საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის პროექტების პაკეტი“, მათ შორის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში. დოკუმენტში დაზუსტებული არ არის, პროექტი, კონკრეტულად, რა ცვლილებების შეტანას გულისხმობდა.

2015 წლის 18 მარტს „ლიბერალი“ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ უფროსის მოადგილეს, ლერი ქვარაიას დაუკავშირდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ ინიციატივის არსებობა დაადასტურა.

ქვარაიამ „ლიბერალს“ უთხრა, რომ სააგენტომ აღნიშნული წინადადებით თბილისის მერიას მიმართა. პროექტის მოწონების შემთხვევაში კი, მისთვის საკანონმდებლო ინიციატივის სახის მიცემაზე დაიწყებოდა მუშაობა.

„როცა იქმნება რეალური საფრთხე, რომ ცხოველმა ადამიანის სიცოცხლე ხელყოს, მას უნდა ჰქონდეს იარაღის გამოყენების უფლება. რა უნდა გააკეთოს ჯგუფმა, რომელიც ხედავს, რომ პიტბული პატრონს ყელში სწვდა?! ევთანაზია ცხოველის ჰუმანური წესით მოკვდინებას გულისხმობს, თუმცა რას გააკეთებს უფლებადამცველი, თუ მისი ოჯახის წევრს ბულდოგი კისერში კბილებს ჩაავლებს?! ჩვენი ვალდებულებაა, პრიორიტეტი ადამიანს მივანიჭოთ. ცხოველის წამებას არავინ დაიწყებს, ეს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოხდება“, - უთხრა ქვარაიამ „ლიბერალს“.

ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები სააგენტოსთვის იარაღის გამოყენების უფლების მინიჭების იდეას ეწინააღმდეგებიან. 4 აპრილს ისინი ცხოველთა უფლებების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^