
„ჩვენ ვესაუბრეთ შპს „ბათ გლასის“ მეპატრონეს, რომელიც ადასტურებს, რომ კარ-ფანჯრების საწარმოს პარალელურად აქვს ახალი სათბური. მან ისარგებლა აგროკრედიტით და გააშენა სათბური. სწორედ ამ სათბურის მეშვეობით, ადგილობრივ ბაზარი მარაგდება კიტრით, პომიდვრითა და სალათის ფურცლებით“ , - ასე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას.
TI-ის განცხადებით, შპს „ბათ გლასი“, აწარმოებდა სამშენებლო მასალის იმპორტს, ასევე ამზადებდნენ კარ-ფანჯრებს და მსგავს სამშენებლო მასალებს, თუმცა სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან კავშირს ქარხნის დირექტორის მამა არ ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ ბლოგპოსტის გამოქვეყნების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება შეცვალა და აღნიშნა, რომ მათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური დაუკავშირდა და განუმარტა, რომ შპს „ბათ გლასის“ მფლობელობაში ასევე შედის სასათბურე მეურნეობა, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში.
რაც შეეხება წყალტუბოში მცხოვრებ ინდმეწარმე მამუკა ვაჩიბერიძეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მამუკა ვაჩიბერიძე, რომელიც სოფელ პატრიკეთში ცხოვრობს, სარგებლობს 35 ათასი დოლარის კრედიტით და მოყავს მწვანილები.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ტყაჩირში მცხოვრები ვაჩიბერიძე მათი ბენეფიციარი არ არის, როგორც ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ტყაჩირში (წყალტუბო) მდებარე სასათბურე მეურნეობის პატრონმა ი/მ. მამუკა ვაჩიბერიძემ განაცხადა, რომ მას არანაირი აგროკრედიტი არ მიუღია და ბიზნესს თავისივე სახსრებით აწარმოებდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნულ მეწარმესთან დაკავშირებული ინფორმაცია თავისი ვებგვერდიდან აიღო.
„ინფორმაცია ვაჩიბერიძეზე ვებგვერდიდან წავშალეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ ინდმეწარმე ვაჩიბერიძე, რომელიც ჩვენ გადავამოწმეთ, არის სხვა პირი. თავდაპირველად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა რუკა, რომელიც განსხვავდება დღეს გამოქვეყნებულისგან. იქ მითითებული არ იყო საკონტაქტო ინფორმაცია. პირველად გამოქვეყნებულ რუკაზე მონიშვნა დასმული იყო სოფელ პატრიკეთთან ახლოს. ამიტომ, სწორედ ამ სოფელში მოვიძიეთ ინდმეწარმე მამუკა ვაჩიბერიძე. გვერდიგვერდ სოფლებში ცხოვრობს ორი მამუკა ვაჩიბერიძე. ერთ-ერთს მართლაც აქვს აღებული აგროსესხი. იმ მეწარმეს, რომელსაც ჩვენს ვესაუბრეთ, სესხი აღებული არ აქვს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.