Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოტესტირება საქართველოსა და უცხოეთში

03 აპრილი, 2015 23:23

2010–2013 წლებში საქართველოს მასშტაბით, ნარკოშემოწმებაზე სულ 142 716 ადამიანი იყო წარდგენილი, - ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, წინა წლებთან შედარებით, ნარკოტესტირებაზე გადაყვანილთა რაოდენობა გაცილებით მაღალია (წლების მიხედვით რაოდენობა იხ. გრაფაზე).

პირები, ვინც ნარკოტესტირებაზე გადაიყვანეს, დამამცირებელი პროცედურების შესახებ „ლიბერალთან“ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ამით მათი უფლებები ირღვევა.

„შეიძლება ქუჩაში საქმეზე მიდიოდე ან შემთხვევით ფსიქოტროპულ აფთიაქთან გაიარო: ბოლო შემთხვევა იყო, ხელმოწერებს ვაგროვებდით პეტიციასთან დაკავშირებით, ამ დროს დამაკავეს, იყო შემთხვევები, სახლთან მხვდებოდნენ. როცა ადმინისტრაციული წესით ხარ დაჯარიმებული, შემდეგ გდევნიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყოველთვის მეთვალყურეობის ქვეშ ხარ, სადაც მოუხერხდებათ იქიდან ავყავართ ხოლმე, განსაკუთრებული ან რაიმე საეჭვო ვითარება არ სჭირდებათ“, - უთხრა „ლიბერალს" თემო ხატიაშვილმა, რომელიც პოლიციის მოთხოვნით ნარკოტესტირებაზე არაერთხელ გადაიყვანეს.

ნარკოტესტირების თვალსაზრისით, როგორია უცხოური გამოცდილება, - ამ საკითხზე „ლიბერალის“ შეკითხვებს წამალდამოკიდებულთა კვლევების ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას” ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი პასუხობს.

მისი თქმით, დემოკრატიულ სამყაროში, ადამიანის დაკავება იმისთვის, რომ შემოწმდეს, არის თუ არა ის ზემოქმედების ქვეშ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ ის რამეს აშავებს, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან ჩადის დანაშაულს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევად ჩაითვლება.

„წარმოუდგენელია, რომ რომელიმე განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში, ქუჩაში მჯდომი ან მიმავალი ადამიანი, ან საჭესთან მყოფი, გააჩერონ და მოსთხოვონ ტესტირებაზე წაყვანა, იმ მიზეზით, რომ პოლიციელს ეჭვი შეეპარება, რომ ადამიანი შეიძლება, ზემოქმედების ქვეშ იყოს“, - ამბობს ოთიაშვილი.

მისივე თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, ცივილიზებული სამყაროსთვის უპრეცედენტო მიდგომაა.

ოთიაშვილი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  ნარკოტიკების მოხმარება რიგ ქვეყნებში დასჯადია, ეს ხდება მხოლოდ მაშინ, რომდესაც ადამიანი ნარკოტიკს დაუშვებელ ადგილას იღებს.

„მოხმარება ნიშნავს პროცესს, ანუ საზოგადო ადგილას პროცესის განხორცილებას, მაგალითად, მარიხუანის მოწევა, ინექციის გაკეთება და ა.შ. ამას ეძახიან მოხმარებას და არა იმას, რომ ადამიანს შარდში გუშინ ან გუშინწინ მიღებულ ნივთიერების კვალს აღმოუჩენენ, ამას იქ მოხმარებას არავინ ეძახის“, - ამბობს ოთიაშვილი.

„ალტერნატივა ჯორჯიას” ხელმძღვანელი „ლიბერალთან“ საუბრისას ნარკოტესტირების მეთოდიკაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ტოქსიკოლოგიური ტესტის მეთოდი, რაც საქართველოშია, საკმარისი არ არის და ის მხოლოდ წინასწარ შედეგებს იძლევა.

როგორც ის ამბობს, მსოფლიოში ეს მეთოდი წინასწარ, სავარაუდო, მიმანიშნებელი დატვირთვის მეთოდად მიიჩნევა, რომლის დადებითი პასუხის შემთხვევაშიც, მას უფრო სანდო და კომპლექსური მეთოდით ამოწმებენ. მხოლოდ ამ გზით გადამოწმების შემთხვევაში მიღებული დადებითი პასუხი დროს მიიჩნევა, რომ ადამიანს ნარკოტიკის მიღება დაუდასტურდა.

„ვერ წარმომიდგენია, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში, სწრაფი ტესტით მიღებული შედეგის საფუძველზე, სასამართლო იღებდეს გადაწყვეტილებას ადამიანის ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით“, - ამბობს ოთიაშვილი.

საქართველოში ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა ნაწილი ბიოლოგიურ მასალის ჩაბარებაზე უარის თქმას მხოლოდ კონსტიტუციის საფუძველზე ახერხებს.  იურისტები და ადამიანის უფლებებათა დამცველები განმარტავენ, რომ  პარტულს არ აქვს უფლება, ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ მოსთხოვოს მას ბიოლოგიური მასალის ჩაბარება. ამ შემთხვევაში ისინი კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილით  ხელმძღვანელობენ, რის მიხედვითაც „არავინ არ არის ვალდებული, მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით“.

გასულ თვეს, როდესაც „ახალი ვექტორის" წევრი თემურ ხატიაშვილი „ქუჩის ნარკოტესტირების" მიზნით სამართალდამცავებმა დააკავეს, მისმა ადვოკატმა კახა კვაშილავამ, აღნიშნული მუხლის საფუძველზე დააყენა შუამდგომლობა, რომ ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარის თქმა იყო ხატიაშვილის კონსტიტუციური უფლება და მიეცათ შესაძლებლობა, დაეტოვებინა საექსპერტო დაწესებულება.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ნარკოლოგიური თრობის ქვეშ ყოფნა კლინიკურად ვერ დადგინდა, ხატიაშვილი გათავისუფლდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^