Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოტესტირების მიზნით დაკავებული ნიკა კუპრავიშვილი გაათავისუფლეს

06 აპრილი, 2015 19:25

ნიკა კუპრავიშვილი დღეს 15:00 სთ-ზე გაათავისუფლეს და ამჟამად სახლში იმყოფება - განუცხადა „ლიბერალს“ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის სოციალური მედიის კოორდინატორმა, გიორგი გოგუამ.

„წესით 17:00 სთ-მდე შეეძლოთ ნიკას დაყოვნება განყოფილებაში, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში მესამე ადვოკატი ჩაერთო და თან ვუთხარით, რომ ეს ამბავი „ლიბერალში“ გამოქვეყნდა, პოლიციის თანამშრომლები შეწუხდნენ და ორი საათი გვაჩუქეს. „ლიბერალს“ დაინტერესებისთვის დიდ მადლობას ვუხდით“, - განაცხადა გოგუამ.

მისი თქმით, ნიკა კუპრავიშვილმა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზეც და კლინიკურ შემოწმებაზეც უარი განაცხადა. „ის არ დაუჯარიმებიათ და ამჟამად სახლში იმყოფება", - ამბობს გოგუა.

ნარკოტესტირების მიზნით ნიკა კუპრავიშვილის დაკავების გამო გიორგი გოგუამ შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა. 

„მათ უნდა დაიწყონ მოკვლევა იმ პირებზე, ვინც ძალის გადამეტებით აიძულა ნიკას მანქანაში ჩაჯდომა და ვინც სამმართველოში მიიყვანა", - განაცხადა გოგუამ.

გიორგი გოგუას თქმით, ნიკა კუპრაშვილთან კონსულტაციებს მოგვიანებით გაივლის - სურს თუ არა დაზარალებულს სამართალამცავების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

„მე ადვოკატი არ ვარ. ნიკა კუპრავიშვილი ჩემი ნათესავია და მისი დაკავების შესახებ სწორედ აქედან შევიტყვე. ეს ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევაა და, ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორ ექცევიან იმ ადამიანებს, ვისაც არავინ ჰყავს და ვისაც ვერ იცავენ“- განაცხადა გიორგი გოგუამ.

„ლიბერალი“ ნიკა კუპრავიშვილის საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა სამინისტრო ამ საკითხის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. „პოლიციის მხრიდან შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ გენერალურ ინსპექციას უნდა მიმართოთ“, - გვითხრეს პრესსამსახურში. 

გიორგი გოგუას ინფორმაციით, ნარკოტესტირების მიზნით, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ნიკა კუპრავიშვილი  წუხელ, 22:00 საათზე დაააკავეს და დღეს დილით 05:00 საათზე გაათავისუფლეს. განყოფილებიდან გამოსულს გარეთ მეორე ეკიპაჟი დახვდა, უკვე ძველი თბილისის მე-2 განყოფილება და ისევ წაიყვანეს ნარკოლოგიურში. გოგუას თქმით, მას არ აძლევდნენ მოშარდვის საშუალებას, ეუბნებოდნენ, თუ მოშარდავ, მხოლოდ ჩვენს ჭიქაში და შესაბამისად, ჩაგვაბარებ ბიოლოგიურ მასალასო, რაზეც ნიკა უარს ამბობდა. მხოლოდ ადვოკატის მისვლის შემდეგ შეუშვეს ნარკოლოგიურის ტუალეტში.

2010–2013 წლებში საქართველოს მასშტაბით, ნარკოშემოწმებაზე სულ 142 716 ადამიანი იყო წარდგენილი, - ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, წინა წლებთან შედარებით, ნარკოტესტირებაზე გადაყვანილთა რაოდენობა გაცილებით მაღალია.

საქართველოში ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირთა ნაწილი ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარის თქმას მხოლოდ კონსტიტუციის საფუძველზე ახერხებს. იურისტები და ადამიანის უფლებებათა დამცველები განმარტავენ, რომ  პატრულს არ აქვს უფლება, ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ მოითხოვოს ბიოლოგიური მასალის ჩაბარება. ამ შემთხვევაში ისინი კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილით  ხელმძღვანელობენ, რის მიხედვითაც „არავინ არ არის ვალდებული, მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^