
მოწმეთა დაკითხვის წესის შესამუშავებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, - აღნიშნულის შესახებ დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, კომიტეტში მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის საკანონმდებლო წინადადება შევიდა, სწორედ ამიტომ კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მოწმეთა დაკითხის წესის შესამუშავებლად, სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.
„ეს საკითხები პარლამენტში განიხილებოდა, გამოიკვეთა ასეთი პოზიცია, რომ არსებული მოქმედი წესი ქმნის მთელ რიგ პრობლემებს, ისევე, როგორც პრობლემურია ის წესი, რომელიც 2016 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. პრობლემები სხვადასხვა ხასიათისაა. იმისათვის რომ მივიღოთ ოპტიმალური წესი, კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო“, - ამბობს ხმალაძე.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან: ვახტანგ ხმალაძე, პავლე კუბლაშვილი, თამარ კორძაია, შალვა შავგულიძე, თინათინ ხიდაშელი, ალექსანდრე ბარამიძე, ლევან იზორია, ირაკლი შოთაძე, ეკა ფოფხაძე, ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი, კახა წიქარიშვილი - საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრი, სამართლის დოქტორი თამარ ლალიაშვილი.
ასევე, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან: ნათია მეზვრიშვილი საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; ლევან ვეფხვაძე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი; ლია მუხაშავრია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი; თინათინ ტყეშელიაძე - კომიტეტის აპარატის სპეციალისტი; ზვიად ოქროპირიძე - შსს იურიდიული სამმართველოს უფროსი; ცოტნე ლოლუა შსს-ს წარმომადგენელი; გიორგი ბურჯანაძე - ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“; შორენა გუნცაძე - მოსამართლე.
მოწმის დაკითხვის ახალი წესი 2009 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განისაზღვრა, რომელიც გამოძიების პროცესში მოწმეთა დაკითხვას მხოლოდ მოსამართლის წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა თანდასწრებით ითვალისწინებს, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას.
ამ წესის ამოქმედება 2013 წლის 31 დეკემბრიდან იგეგმებოდა. თუმცა კოალიცია „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მისი ამოქმედება კიდევ ორი წლით გადადო.
ამჟამად მოქმედი წესის მიხედვით, მოწმეები ვალდებულნი არიან, მისცენ ჩვენება ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე, ხოლო მათ გამოუცხადებლობას შესაძლოა მოჰყვეს სამართალდამცველ ორგანოებში იძულებით მიყვანა ან ჩვენების მიცემაზე უარის შემთხვევაში, დადგეს მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც.
როგორც მთავრობა აცხადებდა, ამ წესის კიდევ ორი წლით შენარჩუნება განპირობებულია იმით, რომ სასამართლო სისტემა არ არის მზად ახალი პროცედურებისთვის და მეორე მხრივ, ეს ხელს შეუშლის გამოძიების ეფექტიანად წარმართვას.