
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები არასწორი ბრძანების შესრულებას შეეწირნენ. ამ სპეცრაზმელებმა არასწორი ბრძანება მიიღეს და შეასრულეს. კანონით ეს, რა თქმა უნდა, ისჯება, - ამის შესახებ სქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა.
„ვცდილობთ, ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან სპეცდანიშნულების დანაყოფის წევრები და მიიღეს არასწორი ბრძანება", - აღნიშნა გომელაურმა.
შეკითხვაზე, სპეცრაზმელს აქვს თუ არა უფლება, შეაფასოს, ბრძანება არის თუ არა უკანონო, გომელაურმა განმარტა, რომ კანონი ავალებს მათ, უკანონო ბრძანება არ შეასრულონ.
„თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ მე 10 წელი ვიმსახურე იქ. ხელმძღვანელობას ბრძანება რომ მოეცა: მოკალი ეს ბავშვი, დაცხრილე, მე, რა თქმა უნდა, არ უნდა დამეცხრილა. ეს არ უნდა შემესრულებინა“, - განაცხადა გომელაურმა.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, კერძოდ, ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე 11 პირია დააკავებული, მათ შორის, სპეცრაზმელებიც: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.