
თბილისის კინოთეატრებში „ბავშვი 44-ის" ჩვენება აღარ გაიმართება.
როგორც „ლიბერალს“ კინოთეატრების, „რუსთაველისა" და „ამირანის" წარმომადგენელმა, დავით მირცხულავამ უთხრა, ფილმის ჩვენება დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა უკრაინული დისტრიბუტორი კომპანია Inter Cinema-სგან გუშინ შეიტყვეს, რომ ჩვენება გაუქმდა.
მირცხულავა აღნიშნავს, რომ ჩვენების გაუქმების მიზეზი მისთვის არ განუმარტავთ, თუმცა ვარაუდობს, რომ შეზღუდვა ფილმის შინაარსის გამო დაწესდა.
„ფილმი სერიულ მკვლელ ანდრეი ჩიკატილოზეა და შესაძლოა, შეზღუდვის მიზეზიც ეს გახდა. ფილმი რუსეთშიც აკრძალეს და დანამდვილებით არ ვიცით, თუმცა ვვარაუდობთ, რომ შეზღუდვის მიზეზი ჩვენს შემთხვევაშიც შინაარსია“ - ამბობს მირცხულავა.
Euronews-ის ინფორმაციით, „ბავშვი 44-ის“ ჩვენება რუსეთში კულტურის სამინისტრომ დაბლოკა.
ფილმი ტომ რობ სმიტის ნოველის ეკრანიზაციაა, რომელიც საბჭოთა დროის ბავშვთა სერიული მკვლელის ძებნაზე მოგვითხრობს.
რუსეთის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფილმის დაბლოკვის მიზეზი „ისტორიული ფაქტების დამახინჯება და „დიდი სამამულო ომის“ წინამდებარე და შემდგომი მოვლენების ინტერპრეტაცია“ გახდა.