პროკრედიტ ბანკმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველი ერთობლივი პროექტი განახორციელეს, რომლის ფარგლებში სასწავლებლის E კორპუსში განახლებულ ბიბლიოთეკაში პროკრედიტ ბანკის მულტიმედია კუთხე მოეწყო.
ბიბლიოთეკის სტუმრობა ნებისმიერ მსურველს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან 21:00 საათამდე შეუძლია. პროკრედიტ ბანკმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ფილოსოფიის, ისტორიის, ფინანსების, მხატვრული ლიტერატურის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის შესახებ წიგნების უახლესი გამოცემები გადასცა. გარდა ამისა, კუთხე აღიჭურვა ტექნიკით, რომლის მეშვეობით სტუმრებს აუდიო და ვიდეო ლექციების მოსმენისა და პრეზენტაციების გაკეთების საშუალება ექნებათ.
აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, კონკრეტულად კი სტუდენტებს და ბანკის თანამშრომლებს, მიიღონ განათლება და გაიუმჯობესონ სამუშაო პირობები. სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, პროკრედიტ ბანკისთვის, პოტენციური და არსებული თანამშრომლების პროფესიული და პიროვნული განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ყოველწლიურად პროკრედიტ ბანკი თანამშრომლების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში 3 მლნ ლარამდე ხარჯავს.
შეხვედრაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეულ იყო ცნობილი ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი, რომელმაც რამდენიმე საინტერესო წიგნი მიმოიხილა და დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა. პრეზენტაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. „ვამაყობთ იმით, რომ პროკრედიტ ბანკი პირველია ვინც მსგავსი პროექტი განახორციელა. დღეიდან, მულტიმედია კუთხე სრულ მზადყოფნაშია მიიღოს განვითარებაზე ორიენტირებული მკითხველები.“ განაცხადა პროკრედიტ ბანკის დირექტორმა სოფიო კორძახიამ.