ბილ და ჰილარი კლინტონების ფონდში თანხა რუსული სააგენტოს მიერ შეძენილი ურანისმომპოვებელი კანადური კომპანიის ლიდერებისგან ირიცხებოდა - ამის შესახებ სტატიას The New York Times აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარში გაზეთი „პრავდა“ იუწყებოდა, როგორ „დაიპყრო რუსულმა ბირთვულმა ენერგიამ მსოფლიო". სტატიაში დეტალურად იყო აღწერილი, როგორ შეისყიდა „როსატომმა", რუსულმა ბირთვულმა სააგენტომ, ურანის მომპოვებელი კანადური კომპანია, რომელიც ცენტრალური აზიიდან დასავლეთ ამერიკამდე ოპერირებდა. ამ გარიგებამ „როსატომი“ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ურანის მწარმოებლად აქცია, პუტინი კი კიდევ უფრო დაუახლოვა მიზანს, მთლიანად გაეკონტროლებინა ურანის მიწოდების გლობალური ჯაჭვი.
„მაგრამ ამ ამბის უკან არსებობს სხვა ამბავიც, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, არამედ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტსაც და ქალს, რომელიც აპირებს პრეზიდენტობას. კანადური კომპანიის ლიდერები კლინტონების საქველმოქმედო ფონდების მსხვილი დონორები იყვნენ... რადგან კომპანიის ყიდვით რუსები ხელთ იგდებდნენ ამერიკის მიერ ურანის წარმოების მეხუთედს და რადგან ურანი სტრატეგიული პროდუქტია, ამ ტრანზაქციის შესასრულებლად ამერიკული სამთავრობო სააგენტოების ნებართვა იყო საჭირო. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოპოვებული ნებართვის უკან ჰილარი კლინტონი იდგა" - წერს The New York Times.
სტატიის თანახმად, ჩანაწერებიდან ჩანს, რომ რუსეთის მიერ ურანის მომპოვებელ კანადურ კომპანია Uranium One-ზე კონტროლის ზრდასთან ერთად 2009-2013 წლებში კლინტონების ფონდში ფული ირიცხებოდა. კომპანიის თავმჯდომარემ თავისი ფონდიდან კლინტონების ფონდს 2,35 მილიონი დოლარი გადაურიცხა.
მიუხედავად თეთრ სახლთან დადებული შეთანხმებისა, რომ დონორთა ვინაობა გასაჯაროებულიყო, კლინტონებს კონტრიბუტორთა ვინაობა არ გამოუქვეყნებიათ. ფონდში თანხა ამ კომპანიასთან დაახლოებულმა სხვა პირებმაც გადარიცხეს.
მალევე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა კანადური კომპანიის წილის უმეტესი ნაწილის ფლობაზე გამოთქვა სურვილი, ბილ კლინტონმა 500 000 დოლარი მიიღო მოსკოვში წაკითხული ლექციისთვის, რუსული საინვესტიციო ბანკიდან, რომელიც კრემლთან არის დაფილირებული.
ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.
სტატიის სრულ თარგმანს „ლიბერალი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.