გყავთ ავტომობილი და გაინტერესებთ კონკრეტულად რა ზიანს აყენებთ ამით გარემოს? ძნელი არ არის გაიგოთ რა მოცულობის ნახშირორჟანგს გამოყოფს თქვენი მანქანა. ამისთვის საკმარისია ვებგვერდ www.ecoist.ge -ზე შეხვიდეთ და კითხვარში ავტომობილის მარკა, მოდელი, ძრავის მოცულობა და გამოშვების წელი მიუთითოთ. თუკი თქვენი ავტომობილი ეკომეგობრული აღმოჩნდება, „ჯი-პი-აი ჰოლდინგში“ მისი დაზღვევა სტანდარტულთან შედარებით 20%-ით ნაკლები ტარიფით შეგეძლებათ. გარდა ამისა, მოხვდებით გათამაშებაში, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც და გამარჯვების გარეშეც არაერთი პრიზის მფლობელი შეიძლება გახდეთ.
ეკომეგობრული აქცია მაისის ბოლომდე გაგრძელდება და ყოველი მეათე დაზღვეული სხვადასხვა პრიზს მიიღებს, მათ შორისაა: ეკოტური ამსტერდამში - 2 ადამიანზე, „კლუბ 71“-ის ვაუჩერი, ველოსიპედი, უიქ-ენდი ყაზბეგში, სასუტმრო „რუმსში“ და სხვა ეკოპრიზები. თუმცა გამარჯვების გარეშეც დაზღვეულები გარანტირებულად მიიღებენ „სითი პარკის“ ერთწლიან ვაუჩერს, „ვაინორის“ 50 %-იან ფასდაკლების ბარათს და სხვა საჩუქრებს.
„ჯი-პი-აი ჰოლდინგმა“ ახალი ეკოკამპანია ცოტა ხნის წინ წამოიწყო. კამპანია ორი ნაწილისგან შედგება, პირველ ეტაპზე როგორც ვთქვით, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს იმის შესახებ, თუ რამდენად მავნებელი შეიძლება იყოს მათი ავტომობილების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგი მათივე ჯანმრთელობისთვის. შემდეგ კი, თუკი მოქალაქეები ძველი ავტომობილების ახალი, უფრო „ეკომეგობრული“ ავტომობილით ჩანაცვლებას მოისურვებენ, სადაზღვევო კომპანიის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ. თვისობრივად ახალი ავტოდაზღვევა - ეკოპოლისი სწორედ იმ მანქანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც გარემოს ნაკლებად აბინძურებენ.
„ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ საზოგადოება და დაინტერესებული მხარეები ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდნენ:
„ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უფრო მეტად იყოს ინფორმირებული ამ პრობლემებზე და ჩვენი ინიციატივაც ამას ეხება; პირველ რიგში გვსურს, მეტმა მძღოლმა დაიცვას ეკო-მართვის წესები, რაც მათ საწვავის მინიმუმ 20 %-ით დაზოგვის საშუალებას მისცემს და ამასთან ერთად ვთავაზობთ მართლაც უპრეცედენტო პირობებს იმ სტანდარტის ავტომობილებს, რომლებიც მეტნაკლებად ახალია და ნაკლებად აბინძურებს გარემოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, რომ დავიწყოთ ამ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი და მოვუწოდებთ ყველა დიანტერესებულ მხარეს, ჩვენს ინიციატივას შემოუერთდეს“, - ამბობს ლომაძე.
კამპანიის ფარგლებში ე.წ. „ეკოისტების მოძრაობა“ შეიქმნა. ეკოსიტად ქცევა შეუძლია ყველას, ვინც მიხვდება, რომ გარემოზე ზრუნვა საკუთარ და სხვების მომავალზე ზრუნვაა.
საქართველოში ჰაერის დაბინძურებაში 71 %-იანი წილი სწორედ ავტომობილების გამონაბოლქვზე მოდის. რაც დიდწილად ავტოპარკის სიძველითაა გამოწვეული. ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 3%-ია 1-დან 5 წლამდე ასაკის. 24 % - 6-15 წლის, 26 % 16-20 წლის, 21 წელზე მეტი ასაკის ავტომობილები კი ავტოპარკის 47 %-ს შეადგენენ.
დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ „ეკოპოლისიელებიც“ გამოჩნდნენ და მოქალაქეებს ავტომობილების საქარე მინაზე სპეციალური ქვითრები დაოტოვეს. ქვითრებში მათ დარღვევაზე მიუთითებდნენ. დარღვევა კი მათი ავტომობილების მიერ ჭარბი გამონაბოლქვის გაფრქვევა იყო. მძღოლებს ურჩევდნენ ვებ-გვერდ www.ecoist.ge - ზე გაევლოთ რეგისტრაცია.
აქ კი ეკოისტებისგან მოქალაქებს შეუძლიათ მიიღონ რჩევები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეამცირონ საწვავის მოხმარება: მაგალითად, ეკომართვის წესების დაცვით საწვავის მოხმარების 20 %-ით შემცირებაა შესაძლებელი მაშინ, როცა ექსტრემალური სტილით ავტომობილის ტარება საწვავის მოხმარებას 20 %-ით ზრდის; მანქანის ჭერზე განთავსებული ტვირთი საწვავის მოხმარებას 22 %-ით ზრდის, ღია ფანჯრებით მგზავრობა - 10 %-ით, ყოველი დამატებითი 50 კგ - 3 %-ით. დიდი საბურავები - 2-5 %-ით ზრდის. კონდიცირების სისტემის გამოყენება კი საწვავის მოხმარებას ზრდის 17,5-30%-ით.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ვინც „ჯი-პი-აი ჰოლდინგს“ პროექტის განხორციელებაში ეხმარება. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ კერძო კომპანიის მიერ წამოწყებული ამგვარი ინიციატივა აუცილებლად უნდა გაფართოვდეს, და სასიხარულო იქნება, თუკი ამ წამოწყებას როგორც მთლიანად სადაზღვევო სექტორი, ისე ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც შემოუერთდებიან.
„იმ პირობებში, როდესაც ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება 2017 წლამდე გადაიდო, ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 2017 წელს მაინც შევხვდეთ მომზადებულები. ასეთი ინიციატივების წყალობით კი მაშინ, როდესაც მძღოლი არჩევანის წინაშე იდგება, ის შეიძენს ახალ ავტომობილს, რომლის წვის ხარისხიც გაცილებით მაღალია, სამაგიეროდ კი მიიღებს შეღავათს დაზღვევის სახით. მისთვის ეს მნიშვნელოვანი მოტივაციად იქცევა“, - ამბობს ლალიაშვილი და განმარტავს, რომ აუცილებელია ადამიანებმა იცოდნენ თავად რისი გაკეთება შეუძლიათ გარემოზე მავნე ზეგავლენის შესამცირებლად. შემდეგ კი უკვე სახელმწიფომ მიიღოს ზომები იმისთვის, რომ საკანონმდბელო თუ სხვა რეგულაციების მხრივ ავტოპარკის განახლებას შეუწყოს ხელი.
ორგანიზაციის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს CO2-ის გაფრქვევის ზღვრული დასაშვები დონეც კი არ აქვს განსაზღვრული, და 0-7 წლამდე ავტომობილები გაცილებით მეტად იბეგრებიან, ვიდრე ძველი ავტომობილები, კერძო წამოწყებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„გასაგებია, რომ ყველაფერს სახელმწიფო ვერ გააკეთებს, ამიტომ რაც უფრო მეტი კერძო ინიციატივა იქნება, მოსახლეობას მეტი ალტერნატივა ექნება, ექნება საშუალება აირჩიოს ის, რაც ნაკლები ზიანის მომტანია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მათთვის ინფორმაციის მიწოდება და ამ ტიპის კამპანიები.
კვაშილავა ამბობს, რომ ისეთი ეკონომიკის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ელექტრომობილები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ასეთ შემთხვევაში მთავარი მიზანი საწვავის მოხმარების შემცირება უნდა იყოს. ასევე ავტოპარკის განახლება, საწვავის ხარისხის მონიტორინგი და ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირება, საცობების შემცირება.
თუკი ევროპული სტანდარტით მსუბუქი ავტომობილი 160 გრ/კმ ნახშირორჟანგს გამოყოფს, საქართველოში ეს მაჩვენებელი თითოეულ მანქანაზე 300 გრ/კმ-ს აჭარბებს. ამიტომ აუცილებელია მოხდეს მანქანების მარკირება, დაზუსტება რომელი რამდენად „ეკომეგობრულია“.
თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ აქცენტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იმ პირობებში, როდესაც ტრანპორტი დაბინძურების ძირითადი წყაროა, საკანონმდებლო რეგულაციების დონეზე კი შესაფერისი ღონისძიებების წახალისება არ ხდება, კერძო კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იწყებს იმ გზების მოძიებას, როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება იმ სფეროში, რომელიც მათ ბიზნესსაც პირდაპირ თუ ირიბად ეხება.
„ლოდინი და არაფრის კეთება მხოლოდ აუარესებს მდგომარეობას, ამიტომ პირველი ნაბიჯების გადადგმა უნდა დავიწყოთ. ვფიქრობთ, ტექდათვალიერების სავალდებულო შემოღებამდეც, რომელიც თავისთავადაც ვერ იქნება პანაცეა, აუცილებელია სხვაგვარი წახალისება და დახმარება იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც ესმით რამდენად მნიშვნელოვანია მათი წვლილი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში“, - ამბობს სტამბოლიშვილი.