საქართველოში ახალგაზრდების უმეტესობა (69,2%) არ იცნობს ბავშვის უფლებათა კონვენციას, - UNICEF საქართველოში ახალგაზრდების მდგომარეობისა და საჭიროებების ანალიზს აქვეყნებს.
„ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში“ ნათქვამია, რომ ის ახალგაზრდები, რომლებისთვისაც ცნობილია კონვენციის შესახებ, ძირითადად, ინფორმირებულნი არიან კონვენციის სიცოცხლის უფლების კატეგორიაზე, მაგრამ ნაკლები იციან განვითარების, დაცულობისა და მონაწილეობის უფლებათა კატეგორიებზე.
ახალგაზრდების 11,6% ინფორმირებულია სამოქალაქო უფლებებზე, კონკრეტულად, კანონმორჩილებაზე, გადასახადების გადახდასა და არჩევნებში მონაწილეობაზე.
ახალგაზრდების დაახლოებით 10%-მა შეწყვიტა განათლების მიღება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში; მათი უმეტესობა (90,4%) 15-17 წლის ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ ახალგაზრდების, რომლებმაც ნაადრევად მიატოვეს საჯარო სკოლა, აღინიშნება კახეთის რეგიონში. მას მოსდევს აჭარა და სამეგრელო. 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისამდე 17089 ახალგაზრდამ მიატოვა საშუალო სკოლა ნაადრევად. მათი უმეტესობა (10153) კაცი იყო. 17089 პირიდან 15–17 წლის ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა 13899 მოზარდი.
საქართველოში 15-29 წლის ახალგაზრდების უმეტეს ნაწილს სმენია აივ/შიდსის შესახებ, მაგრამ მასზე შეზღუდული ან არასწორი ინფორმაცია აქვს. 89,9%–ს გაუგია აივ/შიდსის შესახებ, მაგრამ მხოლოდ 17.4%-ს აქვს სწორი ცოდნა აივ/შიდსის ადამიანებზე გადაცემის გზებზე. ახალგაზრდების 17,2%-ს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ შიდსი შეიძლება კოღოს ნაკბენით გადავიდეს.
საქართველოში ახალგაზრდების 43,3% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ სტიგმას სოციალურ ნორმად აღიქვამს.
ფიზიკური და სპორტული აქტივობა ძალიან დაბალია 15-29 წლის ახალგაზრდებში, თუმცა 40%-ს აქვს სურვილი, იყოს დაკავებული სპორტით.
კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდებს შორის ალკოჰოლის, ნარკოტიკისა და სხვა ნივთიერებების ბოროტად გამოყენებაში მნიშვნელოვანი გენდერული სხვაობაა. ახალგაზრდა კაცების დაახლოებით 40% აცხადებს, რომ რეგულარულად ეწევა, ქალებში ეს მაჩვენებელი 4,1%-ია.
წარმოდგენილ ანგარიშში, ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ახალგაზრდებს შორის არსებული სიღარიბის მნიშვნელოვანი დონე გამოვლინდა, რამდენადაც შედარებითი სიღარიბის დონე უფრო მაღალი აღმოჩნდა იმ შინამეურნეობებში, რომლებსაც 15-29 ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდა ჰყავთ.
საქართველოს ახალგაზრდებს ყველაზე მნიშვნელოვნად მომავალში მსოფლიოში მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის სამუშაო ადგილების გაზრდა მიაჩნიათ. ამასთან ერთად, ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ახალგაზრდები ასახელებენ ჯანდაცვის გაუმჯობესებას, ხელმისაწვდომ და სრულფასოვან საკვებს, ხარისხიან განათლებას და კეთილსინდისიერ, პასუხისმგებლობის მქონე მთავრობას.
ანგარიში მომზადებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური მხარდაჭერით.
კვლევა მოეწყო გაეროს ბავშვთა ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ ქვეყნების (UNICEF CEE/CIS) რეგიონული ოფისის ფინანსური დახმარებით.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალგაზრდების პრობლემების იდენტიფიცირებას, ცოდნასა და მტკიცებულებებზე დამყარებული ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას.
კვლევა რაოდენობრივი მეთოდით ჩატარდა და საქართველოს ყველა რეგიონის (გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა) 2 500 შინამეურნეობა მოიცვა.