სასიხარულოა მინისტრთა კაბინეტში ქალის წარდგენა. თუ პარლამენტი ხიდაშელის კანდიდატურას დაამტკიცებს, ვიმედოვნებ, რომ ის ჯარისკაცებზე იზრუნებს - განუცხადა ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ.
„მინდა, მას რამდენიმე რჩევა მივცე - იზრუნოს ჯარისკაცებზე და თავდაცვისუნარიანობის გასამტკიცებლად ჩვენ მიერ არჩეული გზა გააგრძელოს. ეს თავდაცვითი და საჰაერო სისტემების შეძენას ეხება. მე ვიცნობ თინა ხიდაშელს და ვიმედოვნებ, რომ იზრუნებს ჯარისკაცებზე. დანარჩენი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მოახერხებს, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრინციპით იხელმძღვანელოს და არა რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მიმართ ლოიალურობით" - ამბობს ალასანია.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელის კანდიდატურა წარადგინა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად, აგრეთვე, „რესპუბლიკელი", პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი წარადგინა, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ტარიელ ხეჩიკაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენაზე ხელის მოწერა ერთი კვირით გადადო. მისი განცხადებით, იგი კონსტიტუტიით მინიჭებულ უფლებას იყენებს, რადგან მიაჩნია, რომ „მთავრობა ცოტა ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობს".
პრეზიდენტი ვალდებულია, 5 დღეში პარლამენტის წინაშე მთავრობა წარადგინოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრემიერი შემადგენლობას არ შეცვლის, - განუმარტა „ლიბერალს“ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ. მისი თქმით, „კონსტიტუციის სხვანაირი ინტერპრეტაცია ანტიკონსტიტუციური იქნება".