Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

1 მაისი ჭიათურაში - მუშების უცვლელი შრომის პირობები

02 მაისი, 2015 23:18

ნესტი, უჰაერობა, ტალახი - ყოველდღე ამ პირობებში გვიწევს მუშაობა, მოძველებული ტექნიკა, დაბალი ანაზღაურება და ჯანმრთელობის პრობლემები, - ჭიათურა, 1 მაისი, შუქურის მაღაროს მუშა გიორგი ნეფარიძე.

„ლიბერალთან“ საუბრისას მარგანეცის მომპოვებელი საწარმოს მუშები ამბობენ, რომ პროტესტისა თუ მოთხოვნის მიუხედავად, მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მუშაობას ყოველდღე თან ახლავს რისკი, შიში და გამბედაობა, რადგან, როგორც თავად ამბობენ, მაღაროში შესვლით საფრთხე არა მარტო მათ ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლესაც ექმნება.

„მაღაროებში ადრე ყოველთვის იყო დეპო, სახელოსნო. თითოეულ მაღაროზე იყო დაწესებულება, რომელიც შრომის პროცესში მუშას თუ ტექნიკა-დანადგარს  დახმარებას უწევდა. დღეს ყველაფერს თავი ერთ საწარმოში მოუყარეს. თუ რაღაც მოხდება მაღაროში, ბრიგადა უნდა გამოვიძახოთ,  მის ამოსვლამდე კი უნდა დაჯდეს მუშა და ელოდოს, მაშინ როდესაც წამებიც კი გადამწყვეტია“, - აცხადებს გიორგი ნეფარიძე.

მუშების თქმით,  პრობლემები ექმნებათ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაშიც. ასეთ დროს მათ ზესტაფონში უწევთ ჩასვლა, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტიანი ან დაგვიანებულიც შეიძლება იყოს.

„სამთომოპოვება ისეთი სპეციფიკური სამუშაოა, რაღაც რომ მოხდეს მაღაროში, 30-35 კილომეტრს ვერ გაატარებ ადამიანს, დახმარება ადგილზევე უნდა იყოს. ადრე სერგეენკომ ისიც გვითხრა, რომ 15 კილომეტრშიც გაქვთ საავადმყოფოო. 15 კილომეტრში საჩხერეში ჩასწრება კი არა, შესაძლოა, ერთი წუთიც ძალიან ბევრს ნიშნავდეს მაღაროელისთვის“, - ამბობს ნეფარიძე.

შრომის მძიმე პირობების გათვალისწინებით მუშები დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობენ.

„დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, ძალიან დაბალი ანაზღაურებაა. მით უმეტეს, დოლარის კუსრმა მოიმატა და საერთოდ ვეღარაფერს ვყიდულობთ. მაგალითად, გვირაბგამყვანს დღეში 47 ლარამდე აქვს, რაც მისი დატვირთვიდან გამომდინარე, არაფერია“, - ამბობს ნეფარიძე.

გიორგი ნეფარიძე ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც საუბრობს და ამბობს, რომ დაზღვევა მაღაროელისთვის პრიორიტეტულ, სპეციფიკურ მკურნალობას არ ანაზღაურებს.

ითხვისის გამამდიდრებელი ფაბრიკის მუშა ირაკლი სხირტლაძეც აღნიშნავს, რომ  2012 წლის გაფიცვის შემდეგ მათი მდგომარეობა სერიოზულად არ გამოსწორებულა. სველი წერტილებისა და მშრალი ულუფის თემა ასე თუ ისე მოგვარდა, თუმცა, მცირე გამონაკლისის გარდა, მუშებს ისევ მოძველებული დანადგარებით უწევთ მუშაობა.

„მწყობრიდან გამოსული, საწარმოს დაარსებიდან არსებული ტექნიკით ვმუშაობთ. თითოოროლა გამოცვალეს, თუმცა ძირითადი კომპლექტი არ შეცვლილა“, - ამბობს სხირტლაძე.

რაც შეეხება ზეგანაკვეთურ სამუშაოებს და ანაზღაურებას, მუშები ამბობენ, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება ხშირად უწევთ, თუმცა დამატებით ანაზღაურებას არ უხდიან.

„გამამდიდრებელი ფაბრიკის მუშის საშუალო ხელფასი დაახლოებით 450 ლარია. მას მუშაობა უწევს წვიმაში, თოვლში, სახურავი არ აქვს, კედელი არ აქვს, იატაკი არ აქვს. ღამის საათებში არის 2% დანამატი, სხვა მხრივ, თითქმის არაფერი არ შეცვლილა“, - აღნიშნავს სირტლაძე.

საწარმოს მუშები ასევე წუხან, რომ 2016 წლის ბოლოს, როდესაც ახალი გადამამუშავებელი ფაბრიკის ამუშავება იგეგმება, შესაძლოა, მუშების ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩეს.

„ახლა 5 გამამდიდრებელი ფაბრიკა მუშაობს, საიდანაც უნდა დარჩეს 2.  ჯერ ერთი დაიწყებს მუშაობას და, სავარაუდოდ, მეორეც მალე აშენდება. იქ დაახლოებით 100 კაცამდე იმუშავებს, ხოლო დანარჩენი 700 ჰაერში რჩება“, - ამბობს სხირტლაძე.

ქალაქში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ვითარებაზე ჭიათურის მცხოვრებლებიც საუბრობენ. აცხადებენ, რომ ჰაერში მტვრის და წყალში დალექილი ტალახის ატანა უკვე აღარ შეუძლიათ. 

„მტვერი გვაწუხებს. მაღაზიაში დილით კარს რომ გავაღებ, ყოველ ნახევარ საათში ერთი მტკაველი მტვერი ედება ყველაფერს“, - გვეუბნება ჭიათურის მცხოვრები თემურ ფხალაძე.

ინგა ბუხრაშვილი კი ამბობს, რომ ის ონკოლოგიური პაციენტია. ფიქრობს, რომ მისი დაავადება მანგანეცით დაბინძურებულმა ჰაერმა გამოიწვია.

„სამჯერ ვარ ნაოპერაციები. ეს ყველაფერი გამოწვეულია მანგანეციდან. აქ ცხოვრება აღარ შეიძლება. წყალს ვერ დალევ, რომ დააყენებ, შავი ტალახი ილექება. თუ გაწვიმდა, წყალს ვერც ჭურჭლის დასარეცხად და ვერც სარეცხისთვის ვიყენებთ“, - ამბობს ის.

ბუხრაშვილი ამბობს, რომ ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე არც ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავს. მისი თქმით, დასუფთავების პრობლემა დგას მიმდებარე სოფლებშიც.

„იმის მაგივრად, რომ ახალი ხეები დარგონ, პირიქით იჩეხება. ნაგავს მიაქვს სოფლები. ბინძურდება ჭები. ასევე, გამოსაცვლელია მილები, რასაც არავინ აქცევს ყურადღებას. ამ ქალაქს კი არა, საერთოდ, ქვეყანას არ ჰყავს პატრონი“, - ამბობს ინგა ბუხრაშვილი.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გათვალისწინებით, 1 მაისი, მშრომელთა საერთაშორისო დღე, სხვადასხვა ორგანიზაციამ სწორედ ჭიათურაში აღნიშნა. მათ „ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობა გააპროტესტეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, ჩაერიოს შრომასა და კაპიტალს შორის ურთიერთობაში, დაიცვას ადამიანის უფლებები.

ჭიათურის მოსახლეობისა და საწარმოში დასაქმებული მუშების პრობლემებზე თავიანთი მოსაზრებები აქვთ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“. როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაქარია ზალიკაშვილი ამბობს, კომპანიაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელფასის ზრდის 10%-იანი ტენდენცია აქვთ. ზალიკაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ მსოფლიოში მანგანეცის ფასი იკლებს, კომპანია კი, ამის მიუხედავად, თანამშრომლებს მაინც უზრდის ხელფასს.

მისი თქმით, „ჯორჯიან მანგანეზს“ ჭიათურელების მიმართ ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან საწარმოში 5000-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი შემოსავალზე ჭიათურის მოსახლეობის უმრალესობაა დამოკიდებული.

რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, ზალიკაშვილი ამბობს, რომ სამთო მოპოვება, კარიერზე მუშაობა მსოფლიოში ყველგან მაღალი რისკის მქონე სამუშაოდ მიიჩნევა და ამ მხრივ  ჭიათურაში განსაკუთრებული არაფერი ხდება.  მისი თქმით, უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს და ნორმებს კომპანია განსაკუთრებულად იცავს და დიდ ყურადღებასაც ანიჭებს.

როგორც ზალიკაშვილი ამბობს, მომუშავეებისთვის დაწესებულია პირადი უსაფრთხოების ნორმები. მათ უნდა გამოიყენონ ჩაფხუტი, სპეციალური ჟილეტი, ხელთათმანები და ა.შ. მისივე თქმით, დასაქმებულებს წელიწადში ორჯერ უტარდებათ ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ რისკფაქტორის დროს. შარშან 6000 დასაქმებულიდან მხოლოდ 3 დაშავდა სამუშაოს შესრულებისა, ამის მიზეზი კი მათივე მხრიდან დაუდევრობა იყო.

ამ ჩამონათვალის გარდა, ზაქარია ზალიკაშვილი ამბობს, რომ დასაქმებულებს ჯანმრთელობის სკრინინგითაც უზრუნველყოფენ, მუშებს აძლევენ რეკომენდაციებს, თუ სად, რა ტიპის სამუშაოზე უნდა გააგრძელონ მუშაობა და სად არა.

აღსანიშნავია, რომ „ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2010-2014 წლებში ჭიათურის საწარმოში 8 მუშა დაიღუპა, 12 კი დაშავდა. 

რაც შეეხება ახალი გადამამუშავებელი ფაბრიკის შესახებ ინფორმაციას, ზალიკაშვილი ამბობს, რომ ახალ ქარხანაში მუშები კვალიფიკაციის მიხედვით გადანაწილდებიან. მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიები მუშა-ხელის ნაკლებ რესურს საჭიროებს, ამიტომ იქ შედარებით ცოტა ადამიანი დასაქმდება, თუმცა დანარჩენებს საშუალება ექნებათ, ძველი ფაბრიკის დემონტაჟის სამუშაოებზე დასაქმდნენ.

„ფაბრიკამ 2016 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს მუშაობა. ეს გამორიცხავს ბუნების დაბინძურების შანსს, რადგან დახურული ციკლით მოხდება გადამუშავება. აღარც ყვირილა დაბინძურდება, აღარც მტვერი იქნება. ქარხანა, რომელიც დღეს მუშაობს, 1930 წლიდან არსებობს და მას შემდეგ არაფერი არ შეცვლილა“, - აცხადებს ზალიკაშვილი.

რაც შეეხება გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მხოლოდ „ჯორჯიან მარგანეზის“  მიერ გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა, სხვადასხვა მიზეზით, 357 207 876,5 ლარი შეადგინა, ზალიკაშვილი ამბობს, რომ საკითხი დავის საგანია და პროკურატურაში ამასთან დაკავშირებით დამატებითი მოკვლევა მიმდინარეობს.

წყლისა და ჰაერის დაბინძურების მხრივ კი, ზალიკაშვილი კომპანიის ბრალეულობას ვერ ხედავს. მისი თქმით, წყლის დაბინძურება მათ კომპანიას არ დაუწყია.

 „130 წელია, აქ მადანი იჭრება და ირეცხება.  ჩვენი შინაგანი პასუხისმგებლობაა, რომ, რაც არც კომუნისტების დროს გაკეთებულა და არც მის მერე, გავაკეთოთ ეს ფაბრიკა, რათა ყვირილა არ დაბინძურდეს. ამასთან, მანგანუმი ქანებშია და წვიმის წყლის ქანებში ჩასვლითაც ბინძურდება წყალი, რაც კომპანიის ბრალი საერთოდ არ არის“, - ამბობს ზალიკაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის პროექტების მენეჯერი ნინო გაფრინდაშვილი „ლიბერალთან" საუბრისას აღნიშნავდა, რომ 2011 წელს წარმოებული კვლევის შედეგების მიხედვით, ჭიათურაში ჰაერის დაბინძურება 3-ჯერ აღემატება მტვრის შემცველობის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.

რაც შეეხება წყალს, გაფრინდაშვილის თქმით, მადნის მოპოვების შედეგად მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი მოძრაობის რეჟიმი ირღვევა და კარიერებიდან ჩაჟონილი მარგანეცის მადნის შემცველი ტოქსიკური ელემენტებით ბინძურდება.

მისივე თქმით, მდინარე ყვირილაზე არ არსებობს საწარმოო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ინფრასტრუქტურა და ამიტომ „ის, ფაქტობრივად, შავი მიედინება“.

გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის გაუსნებოვნება არანაირი მეთოდით არ ხდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ნანა ნინაშვილი კი აღნიშნავდა, რომ არსებობს უამრავი რისკფაქტორი, რაც ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს და იმისათვის, რომ კონკრეტულად განისაზღვროს, ონკოლოგიური დაავადებების რა წილია გამოწვეული მანგანუმით, სიღრმისეული ეპიდემიოლოგიური კვლევა საჭირო.

თუმცა, რაც შეეხება სხვა დაავადებებს, ნინაშვილის თქმით, მანგანუმით ჰაერისა და წყლის დაბინძურება იწვევს ნერვულ, ალერგიულ, სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებებს, ბრონხიტებს და ა.შ.

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^