ნებისმიერი ბრალდება, რომელსაც პირს წაუყენებენ პორნოგრაფიული მასალის გავრცელების ან დამზადებისთვის, იქნება არასწორი და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპს, „არავითარი სასჯელი კანონის გარეშე”, - განუმარტა „ლიბერალს” საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ.
„სისხლის სამართლის კოდექსის, 255-ე მუხლის თანახმად, პორნოგრაფიის გავრცელება, დამზადება, რეკლამირება უნდა იყოს უკანონო. სისხლის სამართალი არის სამართლის ისეთი დარგი, რომელიც, როდესაც უთითებს, რომ რაღაც უნდა იყოს უკანონო, უნდა არსებობდეს რაიმე სხვა კანონი, რომელიც ამ ქმედებას აკრძალავს, ან დაადგენს რეგულაციას. საქართველოში ასეთი კანონი ცალკე, რომელიც პორნოგრაფიის გავრცელებას კრძალავს, არ არსებობს.” - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე
სისხლის სამართლის კოდექსის (პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება) 255-ე მუხლის თანახმად, პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე, ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა, გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ჩვენებაზე დასწრება, შეთავაზება, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება, ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან გასაღება, –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
1. არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები არის ნებისმიერი მეთოდით შექმნილი ვიზუალური ან აუდიოვიზუალური მასალა, აგრეთვე, დადგმული წარმოდგენა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენილია არასრულწლოვნის ან არასრულწლოვნის გამოსახულების მქონე პირის მონაწილეობა ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში ან ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. პორნოგრაფიულად არ ჩაითვლება ნაწარმოები, რომელსაც აქვს სამედიცინო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
შსს-ს ინფორმაციით, დღეს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში 19 სხვადასხვა ვებგვერდზე პორნოგრაფიული ნაწარმოებისა და გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისა და რეკლამირების ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 40 პირი მისცეს.