
„ამ ენების სწავლების სტანდარტი და სასწავლო პროგრამები, როგორც ჩვენ ვიცით, უკვე შემუშავებულია“, - როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა, თინა ღოღელიანმა „ლიბერალს“ უთხრა, ქართულენოვან სკოლებში, სურვილის შემთხვევაში, უმცირესობათა ენების გაკვეთილების დამატება იგეგმება.
„ამაზე ბოლო წლის განმავლობაში მუშაობს განათლების სამინისტრო უწყებათაშორის კომისიასა და სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან ერთად. პროექტის დაწყებას და სკოლებში შესვლას, როგორც ვიცი, სექტემბრიდან გეგმავენ, თუმცა ვეჭვობ, როგორ მოესწრება ასეთ მცირე ვადაში. შეიძლება მასწავლებლებისა და სასწავლო რესურსის პრობლემა წარმოიშვას“, - ამბობს თინა ღოღელიანი.
მისი ინფორმაციით, ამ ენების სწავლება იქ შევა, სადაც დაინტერესება იქნება და არა მხოლოდ რეგიონების სკოლებში.
„რა თქმა უნდა, რეგიონებში უფრო მეტი მოთხოვნაა. მაგალითად, სადაც ქისტები ცხოვრობენ, იქ არის მოთხოვნა, რომ ჩეჩნური ენა ისწავლებოდეს, მაგრამ თუკი სურვილი იქნება თბილისის, ან რომელიმე სხვა ქალაქის სკოლაში, იქაც შესაძლებელი იქნება ამ ენების სწავლება“, - ამბობს ღოღელიანი.
მისი თქმით, ენები, რომელთა სწავლებაც ქართულენოვან სკოლებში იგეგმება, არის ჩეჩნური, ოსური (ოსური ენა ისწავლებოდა კახეთის ზოგიერთ სოფელში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობდა ეთნიკურად ოსი მოსახლეობა, შემდეგ დაიხურა და, ფაქტობრივად, ერთ წელზე მეტია, ეს ენა აღარ ისწავლება), ბერძნული, ხუნძური, ასირიული და ყურმანჯი (ენა, რომელზეც ქურთები საუბრობენ).