
რუსეთი ცდილობს, ჯანდაცვა ჩაანაცვლოს, მაგრამ სრული კატასტროფა ხდება - კორუფცია, არაკვალიფიციურობა და არაკომპეტენტურობა. აფხაზური ადმინისტრაცია თვალს ხუჭავს, რადგან თვითონ ვერ პატრონობენ თავიანთ ხალხს, ხელს უწყობენ, რომ ავადმყოფებმა საქართველოში იმოძრაონ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა, რომელსაც პარლამენტის კომიტეტებში ნდობის გამოსაცხადებლად უსმენენ.
ზაქარეიშვილის თქმით, 12 წლის გალელი ბავშვის გარდაცვალება შემაძრწუნებელი ფაქტია და ნორმალურ სახელმწიფოში საქმის აღძვრისა და გამოძიების გზით უნდა დადგინდეს, რა ვითარებაში დაიღუპა ბავშვი.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ მშობლებს შესაბამისი დოკუმენტები არ ჰქონდათ, ამიტომ, მათ ვერ მოახერხეს, ახალგაზრდა ზუგდიდში გადმოეყვანათ. იყო ექსტრემალური, მოულოდნელი ვითარება. ადამიანებს, რომლებიც სამკურნალოდ ჩამოსვლას წინასწარ გეგმავენ, პრობლემები არ ექმნებათ“ - თქვა ზაქარეიშვილმა.
გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრი, 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
„2014 წლის 4 მაისს ირაკლი ცაავა მძიმე დიაგნოზით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლას ეცადა, მაგრამ საოკუპაციო ძალებმა არ მისცეს მას საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის საშუალება, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და არ მოახდინოს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
„ვწუხვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მანდატი ძალაშია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ გვაძლევს მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას, რაც ბევრი მსგავსი შემთხვევის მოგვარებაში დაგვეხმარებოდა“, - „ლიბერალი“ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დაუკავშირდა და გუშინ გალის რაიონის მკვიდრი 12 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მათი პოზიციით დაინტერესდა.