Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსული კაპიტალი საქართველოში - სანქცირებულ „ლუკოილს“ სახელმწიფო ტენდერი მოგებული აქვს

08 მაისი, 2015 17:22

რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები ყველაზე მეტად ელექტროენერგიის სფეროშია წარმოდგენილი, - სამოქალაქო ინიციატივა „დამოუკიდებლობის“ კვლევა საქართველოში დაფუძნებული იმ კომპანიების შესახებ მოიცავს ინფორმაციას, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ.

კვლევაში აღნიშნულია, როგორ და როდის აღმოჩნდა მათ ხელში სხვადასხვა ობიექტი. როგორც „დამოუკიდებლობა" აცხადებს, მოცემული ინფორმაცია ოფიციალურ დოკუმენტაციას და მედიით გავრცელებულ ცნობებს ეყრდნობა.

კვლევის თანახმად, ელექტროენერგიის სფეროში ყველაზე მსხვილია რუსული „ინტერ რაო“. საქართველოში „ინტერ რაოს“ ეკუთვნის სს თელასის 75%, თბოსადგური შპს „მტკვარი ენერგეტიკი“ და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები - „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“ (კვლევის თანახმად, 2011 წელს „ხრამჰესის“ გაყიდვიდან მიღებული თითქმის ასი მილიონი (99 774 000) ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენებას მოხმარდა). მასვე მართვაში აქვს გადაცემული კავკასიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური „ენგურჰესი“.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2010 წელს საქართველოში დაფუძნდა შპს „ენერგია“, რომლის 70%-იანი წილი რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის (30% კი შპს „ფერის“ მფლობელობაშია). რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე რაულ ქურდაძის საკუთრებაშია შპს „ფშავი ჰიდრო".

 კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები  წყალმომარაგების სექტორშიც ფიგურირებენ. 
 
„თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მფლობელი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზია", რომლის ერთ-ერთი დირექტორი მიხაილ ტუზოვია. იგი სხვადასხვა დროს რუსული „ინტერ რაოს" შვილობილ კომპანიებში მუშაობდა. რუსეთის მოქალაქეა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმოების დირექტორი ალექსეი ფროლოვიც, რომელიც შპს „როსვოდოკანალში“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ამავე ოფშორულ კომპანიას, „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზს" ეკუთვნის რუსთავის წყალი და მცხეთის წყალკანალიც“, - ვკითხულობთ კვლევაში.
 
კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანია საქართველოში, „ლუკოილ ჯორჯია“, რომელიც 62 ბიზნესგასამართ სადგურს ფლობს, რუსული კომპანია „ლუკოილის" შვილობილი კომპანიაა. 
 
„ლუკოილი“ იმ რუსულ კომპანიებს შორისაა, რომელსაც აშშ-მ და ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის შემდეგ სანქციები დაუწესა. დასავლეთში სანქცირებულია რუსული კომპანია „როსნეფტიც“, რომელმაც „პეტროკას ენერჯი ლიმიტეტის“ 49%-იანი წილი შეიძინა. „პეტროკას ენერჯი ლიმიტედი" საქართველოში ფლობს ფოთის ნავთობტერმინალებს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, თუმცა აღნიშნული მფლობელები საქართველოს საჯარო რეესტრში არ არიან რეგისტრირებულები. გარიგებები ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით ხორციელდება. „პეტროკას ენერჯი ლიმიტედის" მფლობელი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია", - ნათქვამია კვლევაში.
 
რაც შეეხება კომპანია RMG Gold-სა და RMG Copper-ს, მათი მფლობელები რუსი მილიარდერები, დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟიევი არიან. 
 
როგორც კვლევაშია ნათქვამი, რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის ხელშია მინერალური წყლების კომპანია „აიდიეს ბორჯომი საქართველო". მისსავე საკუთრებაშია ჩამოსასხმელი ქარხანა #1 და ქარხანა #3. ამ კომპანიას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ფლობდა. ფრიდმანს ეკუთვნის კომპანია Alfa Group, რომელმაც ბორჯომი“ შეიძინა. ამ ჯგუფის წევრია მობილური ოპერატორი „ბილაინიც".
 
საქართველოში არსებული „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მფლობელი კი რუსული „ვითიბი ბანკია", რომლის აქციების 58.99% რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის. 
 
კვლევაში ვკითხულობთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2014 წელს საქართველოში რუსეთიდან 66 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა და ამ მოცულობით რუსეთი საქართველოში შემოსულ პირდაპირ ინვესტიციებს შორის მერვე ადგილზეა.
 
როგორც კვლევაშია აღნიშნული, პირველ ადგილს ნიდერლანდები იკავებს, 331 მლნ დოლარის ინვესტიციით, თუმცა ნიდერლანდები ოფშორული ზონაა, სადაც, ძირითადად, ის კომპანიები რეგისტრირდებიან, რომლებიც მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებენ.  „ამ ოფშორული კომპანიების უკან რეალურად სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, წარმომადგენლები დგანან", - ვკითხულობთ კვლევაში. 
 
კვლევის თანახმად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა კომპანიებში - „ვიმ-ბილ-დან საქართველო" (სოფლის ნობათი), „მობიტელი" (ბილაინი), „ჯლს", „კარლსბერგ საქართველო" (ბალტიკა), „ელექტრონი" და სხვები.
 
საინიციატივო ჯგუფის წევრი და კვლევის ავტორი ნატა ძველიშვილი „ლიბერალთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აღნიშნული კვლევა ანალიზსა და დასკვნას არ მოიცავს.
 
„გვინდოდა, წარმოგვეჩინა მთლიანი სურათი, თუ რა ხდება ქართულ ბიზნესში. რამდენად არიან წარმოდგენილები იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. გვინდა, საზოგადოებისთვის ერთვარი განსჯის საგანი გახდეს - უნდა ჰქონდეს თუ არა სახელმწიფოს რაიმე მიდგომა, შეზღუდვა თუნდაც სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით. 
 
ვსაუბრობთ იმაზე, უნდა გადაიხედოს  თუ არა მიდგომა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც სანქცირებულები არიან ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ. მთავარი ის არის, რომ გვინდოდა, გვეჩვენებინა, რამდენად არის დამოკიდებული ქართული ბიზნესი რუსეთიდან შემოსულ ფულზე. ამ ინვესტორების გასვლის შემთხვევაში, მთელი ეკონომიკა ჩამოიშლება. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ სახელმწიფომ იმუშაოს ინვესტიციების სხვა ქვეყნებიდან მოზიდვაზე, რომ რამენაირად ვითარება დავაბალანსოთ", - ამბობს ძველიშვილი. 
 
როგორც ნატა ძველიშვილი აღნიშნავს, მაშინ, როდესაც კომუნიკაციისა და უკანონო მიყურადების შესახებ არის საუბარი, საქართველოში „ბილაინი“ შეუფერხებლად ოპერირებს.
 
„მართალია, „ბილაინს“ სახელმწიფო ტენდერები აქამდე არ მოუგია, მაგრამ, რას იზამს სახელმწიფო, თუ ის ბევრად დაბალ ფასს შესთავაზებს, სხვა საკომუნიკაციო კომპანიებთან შედარებით? რა ბერკეტი არსებობს ამ შემთხვევაში?", - ამბობს ძველიშვილი, - „მაგალითად, „ლუკოილ ჯორჯია“ არის ყველაზე მსხვილი ნავთობიმპორტიორი, რომელსაც მოგებული აქვს სახელმწიფო ტენდერები. ის იმ კომპანიებს შორისაა, რომელსაც აშშ-მ და ევროკავშირმა შეზღუდვები დაუწესა. გარდა ამისა, „გალფის“ ნავთობსადგურებს დავით იაკობაშვილი ფლობს. ვიცით, რომ „პეტროკას ჯორჯიაში“ წილი აქვს  „როსნეფტს“, რომელიც აფხაზეთში ოპერირებს და ჩვენს კანონმდებლობას არღვევს, მაგრამ მთავრობა ვერაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მას რამე შეზღუდვა დაუწესოს. ამასკი  იმით ვერ გავამართლებთ, რომ გარიგებები ოფშორულ ზონაში ხდება", - თქვა მან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^