დღეს, 9 მაისს თბილისში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ. ტრადიციულად ამ დღეს ომის ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან.
ომის ვეტერანებს დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მიულოცეს. მთავრობის წარმომადგენლებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
"დღეს არის მსოფლიოში უდიდესი ბოროტების, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი. ჩვენი ქვეყანა არის გმირების ქვეყანა, ვინაიდან მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 350 000 ქართველი დაეცა გმირულად ბრძოლის ველზე. მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ასევე მინდა მივესალმო ჩვენს ქართველ ვეტერანებს, მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო, რომ მსოფლიოში აღარასოდეს განმეორდეს ის ტრაგედია, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომი", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის პარკში შეკრებილ საზოგადოებას.