EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ბრიტანული ფინანსური ჟურნალის The Banker-ის ევროპის რედაქტორმა, სტეფანი ლინჰარტიმ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ევროპის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადასცა.
ევროპის 2014 წლის ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2015 წლის 6 იანვარს დასახელდა, თუმცა დაჯილდოება დღეს თბილისში გაიმართა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემა, ყოველწლიურად იკვლევს და ავლენს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს და საუკეთესო ბანკირებს 149 ქვეყანაში. გამარჯვებულთა შეფასება წინა წლის მონაცემზე დაყრდნობით ხდება. The Banker-ის ყოველწლიური დაჯილდოება ავლენს იმ ხელმძღვანელ პირებს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას და სტაბილიზაციას საუკეთესოდ გაართვეს თავი.
„მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ეროვნული ბანკის გუნდს. ეს ნომინაცია აღიარებაა და დაფასებაა თითოეული თქვენგანის მაღალი პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და პატრიოტიზმის. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს დღეს უამრავი სოციალური პრობლემა აქვთ. ისინი ჩვენგან ნომინაციებში გამარჯვებისა და მილოცვების ნაცვლად პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები სწორედ ძლიერ ინსტიტუტებშია, სადაც ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს პასუხისმგებლობით აღსავსე მოხელეები იღებენ. მე ამაყი ვარ, რომ ეროვნულ ბანკში სწორედ ასეთი გუნდი მუშაობს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენი შრომის აღიარებას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ.