აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარი“ საიდუმლოდ აფინანსებდა ამერიკის კონგრესის 10 წევრისა და 32 თანამშრომლის ბაქოში 2013 წლის კონფერენციაზე დასასწრებ ხარჯებს. ობამას ყოფილი სამი მთავარი თანაშემწე ამ ღონისძიების სპიკერები იყვნენ, - The Washington Post-მა ინფორმაცია ამის შესახებ კონგრესის ეთიკის ოფისის კონფიდენციალური ანგარიშიდან მოიპოვა.
კანონმდებლებმა და მათმა თანამშრომლებმა, ანგარიშის მიხედვით, ასი ათასობით დოლარი მგზავრობის ხარჯის ასანაზღაურებლად მიიღეს, ასევე - აბრეშუმის შარფები, ჩაის ბროლის ჭურჭელი და 2 500-დან 10 000 დოლარამდე ღირებულების აზერბაიჯანული ხალიჩები.
როგორც კონგრესის ეთიკის ოფისის მიერ მომზადებული ანგარიშიდან ვლინდება, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“, დაფინანსების წყაროს გასაიდუმლოებისთვის, სავარაუდოდ, ამერიკაში არსებული არაკომერციული კორპორაციების საშუალებით, 750 000 დოლარი გადარიცხა, - წერს The Washington Post.
„სოკარმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამერიკულ არაკომერციულ კომპანიებს შესაბამისი დოკუმენტების შეუვსებლობაში ადანაშაულებდა. თავად ისინი კი, ნავთობკომპანიის განცხადების მიხედვით, არ მალავდნენ, რომ კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ.
„სრულად ვთანამშრომლობდით და იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჩვენი მონაწილეობა ბუნდოვანი გახდა და ანგარიშებში არ ასახულა“, - ნათქვამია „სოკარის“ განცხადებაში.
კონგრესის ეთიკის ოფისის გამოძიების ცნობით, კონგრესმენებმა, ან მათმა თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ მათი ხარჯი უცხო ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდებოდა.