მართლმსაჯულების სახლში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ეტაპის კანონპროექტების განხილვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. ის ნაწილი, რომელმაც ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაა.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძემ „ლიბერლთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი კონკრეტული პირებისთვის შეიქმნა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტას ემსახურება. მისი თქმით, ეს სასამართლოს თავმჯდომარეების წინააღმდეგ მიმართული აქტია.
„ძალიან ადვილი მისახვედრია, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ დემოკრატიული ცვლილება შემოგვაქვს და გვინდა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები მოსამართლეებმა აირჩიონ და ამავე დროს ვამბობთ, რომ იმ მოქმედ თავმჯდომარეებს, რომლებიც თავის დროზე ასევე ლეგიტიმური და კანონიერი პროცედურის შედეგად აირჩიეს, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ, თავისთავად ცხადია, ეს მათ წინააღმდეგ მიმართული აქტია", - აღნიშნავს ვალერი ცერცვაძე.
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, ამჟამინდელი თავმჯდომარეები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, ამით კი მოსამართლეებს თავმჯდომარედ მათთვის სასურველი კანდიდატის არჩევის უფლება ეზღუდებათ.
„თუკი პარლამენტმა ეს კანონი მიიღო, ეს ხომ აპრიორი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ფიქრით, ის არ ითანამშრომლებს მოქმედ მოსამართლეებთან, რომლებიც სასამართლოს ნაწილია".
ვალერი ცერცვაძე ბევრად უფრო საგანგაშოს უწოდებს მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის გააქტიურებას, რასაც მისი თქმით, სასამართლო ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება გულისხმობს. მისი თქმით, სასამართლომ ამაზე უარი დიდი ხნის წინ თქვა.
„დღეს შემოდის ინსპექტორი, რომელიც ვითომ დამოუკიდებელია. მას აქვს აბსოლუტურად დუბლირებული ფუნქციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციის მიერაა არჩეული. რომელი ინსპექტორი შეიძლება იყოს უფრო მეტად ლეგიტიმური და რატომ უნდა მივცეთ მას ის უფლებამოსილება, რომელიც დღეს საბჭოს მდივანს აქვს, ანუ საბჭოს მდივანი მათთვის მიუღებელია?!"
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ხელს უშლის და ზღუდავს სასამართლოს დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია მაშინ, როცა სასამართლოს თავმჯდომარეს საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია და ვერც სასამართლოში მომუშავე მოსამართლეების დაცვის გარანტი იქნება.
ვალერი ცერცვაძის თქმით, მოსამართლეების უმეტესობის განწყობით ხელის გადაგრეხით სასამართლოში შემოჭრა არ შეიძლება. მისი განმარტებით, მათ ბევრი ბერკეტი აქვთ იმისათვის, რომ აღნიშნული კანონპროექტი კანონად არ იქცეს. ერთ-ერთი ასეთია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა.
„მით უმეტეს არსებობს პრეცედენტები ამასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნაა, რომ ის მუხლი, რომელიც უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ეხება, ამოიღონ. გვაქვს სომხეთის მაგალითი, სადაც ვენეციის კომისიამ პირდაპირ უთხრა მათ, რომ ეს ხელისუფლებისთვის გამოსაყენებელი მექანიზმია".
მისი თქმით, სასამართლოში იურისტების ყველაზე დიდი ინტელექტუალური ძალაა თავმოყრილი და სასამართლო კორპუსი თავსმოხვეულ ცვლილებებს ასე მარტივად არ შეეგუება.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განმარტავს, რომ კანონპროექტებში სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ნაწილი იუსტიციის სამინისტროს ავტორობით შეიქმნა. მაგრამ შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტებზე რეაგირებისთვის დამოუკიდებელი ინსპექტორის შექმნა მისი ინიციატივა იყო და ეს ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია.
„მე მესმის ვნებათაღელვა, მესმის ურთიერთობის ეს ფორმატი და მზად ვარ უფრო მეტსაც გავუძლოთ, მაგრამ მთავარია, რომ მიზანი არ უნდა დავაზარალოთ. ახლა მთავარია, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ“.
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ეტაპის კანონპროექტების განხილვას აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, მოსამართლეები, სასამართლოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობამ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ეტაპის კანონპროექტები აპრილის დასაწყისში დაამტკიცა. ცვლილებები მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს, საკასაციო სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს ეხება. ასევე, მისი კანონად დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარეებსა და თავმჯდომარეების მოადგილეებს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები აირჩევენ.