
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის #198 ბრძანება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობებს ამტკიცებს, დღეს პარლამენტში დეპუტატებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ბრძანებით, ქვეყანაში ცოცხალი გენმოდიფიცირებული სოიო დაიშვა, რის საფუძველზეც, როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია აცხადებს, საქართველოში ცხოველების კვებისთვის, 25 ტონა სოიოს თესლი შემოვიდა.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას პროფესორი, ბიოლოგი დიანა ძიძიგური აცხადებს, საქართველოში კანონმდებლობით გენმოდიფიცირებული თესლის დათესვა აკრძალულია, ამიტომ ქვეყანაში მისი შემოსვლით იქმნება რისკი, რომ ის გარემოში მოხვდება, იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეყანას ასეთი პროდუქცია სჭირდება, ის უნდა შემოვიდეს გადამუშავებული, მაგალითად, ფქვილის სახით.
„ამ ბრძანების საფუძველზე, შემოვიდა თესლი და არის საშიშროება, რომ ის მოხვდეს ბუნებაში. გამოდის, რომ კანონით აკძალულია დათესვა, მაგრამ მეორე მხრივ ქვეყანაში შემოდის თესლი, რაც ზრდის მისი ბუნებაში მოხვედრის ალბათობას. არ ვამბობთ, რომ პროდუქტი აიკრძალოს, ვამბობთ, რომ გადამუშავებული პროდუქტი შემოვიდეს და ამ ფორმით დაიდოს დახლზე. შემდეგ თავად მყიდველმა გადაწყვიტოს, იყიდის თუ არა მას, - ამბობს ძიძიგური.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ კანონით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება ნებადართულია, თუ იგი მინისტრის ბრძანებით, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობას მიეკუთვნება. აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 18 სექტემბერს მიიღო.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ მინისტრის ბრძანება პროცედურების დარღვევით გამოიცა.
„კანონი განსაზღვრავს, როგორ უნდა მოხდეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შემოტანა საკვებად ან დახურულ ზონაში გამოყენებისთვის. შესაბამის დადგენილებაში (საქართველოს მთავრობის 2014 წლის, № 727) წერია, რომ საბაჟოს ვერ გადაკვეთს მეცნიერების მიერ სათანადოდ შესწავლის საფუძველზე გაცემული დადებითი დასკვნის გარეშე. მხოლოდ ამგვარი დასკვნის შემდეგ შეუძლია მინისტრს შსაბამისი ბრძანების გამოცემა“, - ამბობს ტყემალაძე.
მისივე თქმით, მან სამინისტროში საბჭოსთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიკითხა და აღმოჩნდა, რომ საბჭო არ შექმნილა.
„ამიტომ დღეს ეყრდნობიან ევროკავშირის რეესტრში გატარებულ სიას, რაც ამ შემთხვევაში არაფერ კავშირში არ არის. ევროკავშირი ვერ დაგვავალდებულებს და ასოცირების ხელშეკრულება ვერ მოგვთხოვს, რომ სხვა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას კარი გავუხსნათ და იყოს თავისუფალი ვაჭრობა“, - ამბობს ტყემალაძე.
ტყემალაძის საპასუხოდ, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს მთავრობის 727-ე დადგენილებას ეყრდნობა და ამბობს, რომ ამ დადგენილებით სამინისტროს უფლება ჰქონდა, ევროკავშირში არსებული სიის აღიარებით, მინისტრს ბრძანებით გათვალისწინებული სახეობები დაემტკიცებინა.
(დადგენილება №727. მუხლი III: 1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაცია საბაზრო ქსელში განთავსებისთვის ხდება: ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით; ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით).
„727-ე დადგენილებაში წერია, რომ სიის დამტკიცება შესაძლებელია როგორც ევროკავშირის ნუსხის გაზიარებით, ასევე ეროვნული, ექსპერტული პოზიციებით. თუ ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით ვიმოქმედებთ, კიდევ დიდხანს ვერ მივიღებთ ვერანაირ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს, რადგან ექსპერტების მიერ საკითხის შესწავლა ვერც ერთ დღეში და ვერც სამ წელში ვერ მოესწრება“, - ამბობს მურღულია.
რაც შეეხება გენმოდიფიცირებულ თესლის გარემოში მოხვედრის საშიშროებას, მურღულიას თქმით, კანონით გათვალისწინებული შეფუთვის, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესებს ისინი იცავენ და აკონტროლებენ.
„კანონი ითვალისწინებს ისეთ შეფუთვას, რომელიც გამორიცხავს გზაში დაბნევას ან უნებლიე დაკარგვას. სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის ინსპექცია იმ ტვირთებს, რომელიც გადასამუშავებლად მოდის, ადევნებს თვალს და როდესაც ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავება უნდა დაიწყოს, ამოწმებს იმპორტირებული საქონელი ნამდვილად წავიდა თუ არა გადამუშავებაში“, - ამბობს მურღულია.