ჭრელი აბანოების გუმბათების რესტავრაცია ძალიან სწორი და წინასწარ აწონილ-დაწონილი პროექტით მიმდინარეობს, - აცხადებს ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.
ანთიძე დღეს ძეგლის რესტავრაციის პროცესს დაესწრო და „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტა, რომ მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა:
„ჯობს, ნახონ პროექტი და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. რესტავრაციის პროცესი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს და არც ერთი დეტალი ისე არ გაკეთდება, რომ აბანოების იერი დაზიანდეს”.
ჭრელი აბანოების რესტავრატორის, ირაკლი გამყრელიძის თქმით, გუმბათები მიწისძვრის შედეგად წლებია დაზიანებულია. ზედა ფენა, რომელიც გუმბათის ბაზისებს უნდა იჭერდეს, თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს:
„სწორედ ამიტომ ვხსნით ამ ბაზისებს, გავუმაგრებთ საფუძველს და ისევ უკან დავაბრუნებთ. იმ ადგილზე კი, სადაც საერთოდ აღარაა, იმავე ფერის, ახალ ბაზისებს დავუმატებთ. მინდა, აღვნიშნო, რომ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს აბანოების გუმბათები დავანგრიეთ. ჩემი მიზანია, ამ ძეგლს პირვანდელი იერი შევუნარჩუნო და თბილისი ლამაზი ქალაქი იყოს. გუმბათების რესტავრაციას დაახლოებით 1 თვე დასჭირდება და იგივე ღირებულება ექნება, რაც აქამდე ჰქონდა”, - განაცხადა რესტავრატორმა.
გუშინ „ტფილისის ჰამქარმა“ გაავრცელა ფოტოები, რომელზეც გუმბათებს ბაზისები ჰქონდა მოხსნილი.
„თბილისში რესტავრაციას არ ცნობენ! რატომ მოიხსნა ჭრელი აბანოს გუმბათები?! რატომ უნდა გამოიცვალოს გუმბათის ბაზისები?! გამოქარულია და ახლით შეიცვლებაო. მცხეთის ჯვრის პერანგიც გამოქარულია, შევცვალოთ?! რატომ მოიხსნა გუმბათზე შორენკეცები?!“. - წერს „ტფილისის ჰამქარი“.