ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო ინტერვენციებს თავისი დანიშნულება აქვს. ის მაშინ არის მისაღები, როცა შოკი მოკლევადიანია, ანუ ისეთი შოკის დროს, რომელიც შიდა ფაქტორებითაა გამოწვეული, - თქვა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის ანგარიშის წარდგენისას.
როგორც მესტვირიშვილი ამბობს, როცა საგარეო მიზეზებითაა შოკი გამოწვეული, ამ დროს ინტერვენციების გამოყენება კონტრპროდუქტიულია.
„დღევანდელი შოკი თავისი შინაარსით შეიძლება, ცოტა ნაკლებია, თუმცა დაახლოებით ანალოგიურია იმისა, რაც რეგიონში გვქონდა“, - ამბობს მესტვირიშვილი.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დოლარის კურსის ცვლილებამ, რა თქმა უნდა, ისინი დააზარალა, ვისაც სესხი დოლარში ჰქონდა.
„არასაბანკო სექტორზე გავლენა არ გვაქვს. კურსის გაუფასურება რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. გაუფასურების ძირითადი მიზეზი დოლარის გამყარება იყო. ყველასთვის უფრო მნიშვნელოვანია კურსის გრძელვადიანი მერყეობა. იმიტომ აძლევენ ეროვნულ ბანკებს დამოუკიდებლობას, რომ კურსის სტაბილიზების შესახებ გადაწყვეტილებები თავად მიიღონ“, - განმარტავს მესტვირიშვილი.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის გრძელვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანაა, რომელსაც ინფლაცია ახასიათებს, 2015-16 წლებში ინფლაცია 5%-ით არის განსაზღვრული, რომელიც 2017 წ 4%მდე შემცირდება. 2014 წლის ინფლაციის მაჩვენებელი 2-4%-მდე მერყეობდა და მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამორჩებოდა“, - ამბობს მესტვირიშვილი.