
სასამართლო მედიაციის შესახებ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში ჩანაწერი 2011 წელს გაჩნდა. პირველი საქმე მედიაციის სამსახურს 2013 წელს გადაეცა.
როგორც მართლმსაჯულების სახლში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, 2013 წლიდან დღემდე სასამართლო მედიაციის სამსახურს 40-მდე საქმე გადაეცა. აქედან ნახევარზე მეტი მორიგებით დასრულდა, 10 საქმე კი ამჟამად მიმდინარეობს.
მედიაციის ინსტიტუტი დავის მოგვარების ალტერნატიული გზაა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ან მხარეთა ერთობლივი სურვილის შემთხვევაში საქმე სასამართლოდან მედიაციის სამსახურს გადაეცემა. შემდეგ კი მხარეები, მედიატორის დახმარებით, პრობლემის არსზე მსჯელობენ და შეთანხმების მათთვის სასურველ პირობებზე თანხმდებიან.
თუმცა, როგორც დღევანდელ შეხვედრაზე მოსამართლეებმა და მედიატორებმა განცხადეს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მხარეებისა და ადვოკატების არაინფორმირებულობაა, რაც მათი მხრიდან მედიაციაზე უარის თქმის საფუძველიც ხდება.
ამ მიზნით სასამართლო მედიატორთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ადვოკატთა ასოციაციასთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმები გააფორმა. როგორც მედიატორთა ასოციაციის თამჯდომარემ, ლაშა კალანდაძემ "ლიბერალთან" საუბრისას განაცხადა, მემორანდუმების მთავარი მიზანი სწორედ მოსამართლეების, ადვოკატებისა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობაა.
ლაშა კალანდაძე მიიჩნევს, რომ მედიაციის ინსტიტუტის საპილოტე პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და ამის მიზეზი პროცესში მრავალი მხარის ჩართულობაა. მისი ინფორმაციით, მედიაციის ქართულ მოდელს საერთაშორისო ექსპერტები დადებითად აფასებენ, რადგან იგი მინიმალურ რეგულაციებს ითვალისწინებს და დანარჩენს უშუალოდ მედიაციის პროცესში თავად მხარეები განსაზღვრავენ.
"საპილოტე პროგრამა სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ პროცესში გამოჩნდება, რა არის კარგი და რა არის შესაცვლელი, დასახვეწი. ეს ინსტიტუტი ნელ-ნელა უნდა განვითარდეს".
მედიატორ სოფო ჩაჩავას ინფორმაციით, მხარეები და ადვოკატები მედიაციის სესიაზე ძირითადად არაინფორმირებულები მოდიან, ხშირად მათ წინასწარ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ თავიანთი პოზიცია და მეორე მხარისთვის შესათავაზებელი პირობები.
"ამ დროს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი ნაბიჯით უკან დავხიოთ მხარეები და ავუხსნათ, რომ ჯერ სხვა საკითხებია განსახილველი, რათა პრობლემის არსი უკეთ წარმოჩნდეს. მაგალითად, საოჯახო დავის დროს მეუღლე შეიძლება ითხოვდეს ალიმენტს, ქონებას. მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, დავის მიზეზი არის წყენა, რომელზეც მას ბოდიში და გულწრფელი აღიარებაც არ მიუღია მეუღლისგან. ამან აიძულა, რომ სასამართლოსთვის მიემართა და ალიმენტი მოეთხოვა, მაშინ როცა მხოლოდ ბოდიში და აღიარება უნდოდა", - აღნიშნავს "ლიბერალთან" სოფო ჩაჩავა.
მისი თქმით, ამის შემდეგ მათი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადადის და კომუნიკაციას ახალი დონიდან იწყებენ, იღებენ იმ მოცემულობას, რაც არის და იაზრებენ, რომ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ურთიერთობა დაალაგონ.
რაც შეეხება მედიაციის წარუმატებელ შემთხვევებს, სოფო ჩაჩავას განმარტებით, მიუხედავად შედეგისა, მედიაციაში ასეთი შემთხვევები არ არსებობს.
"მეცინებოდა, როცა სახელმძღვანელოებში ამას ვკითხულობდი. ორ საქმეზე ვერ შედგა შეთანხმება. მხარეები შემოვიდნენ ჩხუბით, ძალიან კონფლიქტური სიტუაცია იყო და ბოლოს მადლობებს უხდიდნენ ერთმანეთსაც და მედიატორსაც. განცდა მქონდა, რომ მედიაციის პროცესით კმაყოფილები იყვნენ. შესაძლოა მხარეები მედიაციისას ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ იმდენად სხვა განზომილებაში გადადის მათი ურთიერთობა, რომ არაა გამორიცხული, რაღაც ეტაპზე შერიგება მომწიფდეს".