
ალა პუგაჩოვამ თბილისში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა და ჩვენ მზად ვართ, ვუმასპინძლოთ - ამის შესახებ „ლიბერალს“ „საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა უთხრა.
მისი განმარტებით, ჯერჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი, თუმცა, სავარაუდოდ, კონცერტი ოქტომბერში, ფილარმონიის დარბაზში გაიმართება.
„მის ჩამოსვლას ქვეყანაში არსებული მდგომარეობაც განაპირობებს. ხალხს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ წავიდეს კონცერტზე. უკვე დიდი ხანია, ჩამოსვლა უნდა, მაგრამ წინა ხელისუფლების პერიოდში ეს გამორიცხული იყო. ვინც რუსეთიდან ჩამოვიდოდა, ყველა სამშობლოს მოღალატე ეგონათ“ - ამბობს ოქიტაშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ შოუბიზნესი არ უნდა დააფინანსოს და ამბობს, რომ პუგაჩოვას კონცერტს სახელმწიფო სტრუქტურებთან კავშირი არ ექნება.
„არიან სპონსორები, ვინც ამას დააფინანსებენ, თუმცა მათი ვინაობა, ჯერჯერობით, გასაიდუმლოებულია, რადგან მერე პროექტებით მიადგებიან. ეს გახდება ცნობილი“ - უთხრა ოქიტაშვილმა „ლიბერალს“.
მისი განმარტებით, პუგაჩოვა საქართველოში ბოლოს 17 წლის წინ იმყოფებოდა და მას ნანი ბრეგვაძესა და ნატო დუმბაძესთან ერთად უმასპინძლა, ახლა კი პუგაჩოვას საქართველოში ჩამოსვლის სურვილი მისმა დიზაინერმა, ბორის კრასნოვმა გაახმაურა.