შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხზე მომზადებული კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული.
კანონპროექტის მიხედვით, ერთმანეთისგან იმიჯნება პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების გაზრდამ განაპირობა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებულ დაწესებულებათა სისტემას, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას და ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს“, - ვკითხულობთ კანონპროექტში.
პროექტის მიხედვით, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა;
ბ) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან;
გ) სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა;
დ) ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე) ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა;
ვ) ტრანსნაციონალური ორგანიზებული და სხვა საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
ზ) საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება;
თ) სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა რეალიზაცია და მათი შესრულების კონტროლი;
ი) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება;
კ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ქვეყნის საგარეო საფრთხეებისაგან დაცვის მიზნით სხვა საჭირო ღონისძიების განხორციელება.
რაც შეეხება სამსახურის უფლებამოსილებებს, ჩამონათვალს შორისაა დაკვირვების ელექტრონული საშუალებების (საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც სპეციალურად განკუთვნილია სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების და ჩაწერისათვის, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის ფარული მოხსნისა და ფიქსაციისთვის, საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა ფარული კონტროლისთვის, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერისათვის, ფარული კინო და ფოტო-გადაღებისთვის, ელექტრონული თვალყურის დევნებისთვის, აგრეთვე ელექტრონული, რადიოელექტრონული და მაღალსიხშული მოწყობილებები, რომლებსაც გააჩნიათ დაშიფვრის სპეციალური საშუალება და გამოიყენებიან ინფორმაციის გადასაცემად, მისაღებად, შესანახად და დასაცავად, და სხვ.) საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, დამზადების და შეძენის კონტროლი.
ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, განახორციელოს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის ვინაობის დადგენის მიზნით შეუმოწმოს პირს პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ არის საკმარისი საფუძველი ეჭვისათვის, რომ მან ჩაიდინა სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაული, ან თუ ასეთი შემოწმება დაკავშირებულია მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.