Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი თბილისის 1773 ნაგებობას და 13 ქუჩას აქვს

29 მაისი, 2015 20:18

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ დროისთვის თბილისში მდებარე 1773 შენობა-ნაგებობას აქვს მინიჭებული, - ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან „ლიბერალმა“ გამოითხოვა.

როგორც სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, 2007 წლის 27 სექტემბრის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის იმ დროინდელი მინისტრის ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი - ქალაქმთშენებლობითი (ურბანული) ძეგლის სტატუსი მიენიჭა თბილისის 13 ქუჩას მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების გარეშე.

ესენია: დადიანის ქუჩა; 2. ქიქოძის ქუჩა; 3. მაჩაბელის ქუჩა; 4. იაშვილის ქუჩა; 5. ჭონქაძის ქუჩა; 6. გერგეთის ქუჩა; 7. ასათიანის ქუჩა; 8. კოჯრის ქუჩა; 9. ამაღლების ქუჩა; 10. მესხის ქუჩა; 11. ჩაიკოვსკის ქუჩა; 12. ლეონიძის ქუჩა; 13. ლერმონტოვის ქუჩა.

რაც შეეხება წლების მიხედვით  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების ფაქტებს, სამინისტროს ინფორმაციით, 2012-2013 წლებში სტატუსი არც ერთ ობიექტს არ მინიჭებია. ხოლო, 2014 წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, დაბა წყნეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას მიენიჭა ძეგლის სტატუსი. 2015 წელს თბილისში არც ერთ ობიექტს სტატუსი არ მიუღია.

რაც შეეხება ძეგლის სტატუსის მოხსნის ფაქტებს, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ ასეთი სულ 2 ფაქტი ფიქსირდება. 2014 წლის 13 იანვარს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ორბელიანის 5-ში მდებარე ნაგებობას, ხოლო 2015 წლის 20 აპრილს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით - კოსტავას 43-ში მდებარე ყოფილი ლაბორატორიის შენობას მოეხსნა ძეგლის სტატუსი. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს ცნობით, ორივე ნაგებობა დანგრეული იყო.

როგორც კულტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, „ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან და ავთენტიკურობასთან“.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის ტერიტორიაზე ძეგლის სტატუსის მინიჭება და მოხსნის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით იღებს. ძეგლს სტატუსი ეხსნება მაშინაც, თუ იგი განადგურდა, ან ისე დაზიანდა, რომ ისტორიული ან კულტურული ღირებულება დაკარგა.

„ძეგლის დანგრევის შემთხვევაში, რა ვადაში მიიღება სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილება, მოქმედ კანონმდებლობაში ამგავრი დეფინიცია არ არსებობს“, - განუმარტეს „ლიბერალს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^