
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამი სააფთიაქო ქსელი - „ავერსი-გეოფარმი“, „პსპ“ და „სახალხო აფთიაქი“ დააჯარიმა.
როგორც მათი განცხადებიდან ირკვევა, ინსპექტირების შედეგების თანახმად, 365 აფთიაქში 24-საათიან რეჟიმში, დახლზე განთავსებული მიკროფონის საშუალებით მოქალაქეებსა და ფარმაცევტებს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერა ხორციელდებოდა მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით. ბევრ აფთიაქში არ იყო განთავსებული აუდიოკონტროლის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი. ადგილზე მომხმარებელთა გამოკითხვის დროს გამოიკვეთა, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი მედიკამენტებისა თუ პირადი ჰიგიენის ნივთების შეძენის დროს ფარმაცევტთან ან კონსულტანტთან მათი კომუნიკაციის, ისევე როგორც დახლთან ლოდინისას სატელეფონო თუ პირადი საუბრის ჩაწერის შესახებ.
ინსპექტორის გადაწყვეტილებით, სამივე კომპანიას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და დაევალა აუდიომონიტორინგის შეწყვეტა და მოპოვებული მასალის სრულად განადგურება 2015 წლის 1 ივლისამდე.
მათივე განმარტებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას სამართლიანი ბალანსი უნდა იყოს დაცული მონაცემთა დამმუშავებლის კანონიერ ინტერესებს, მონაცემთა სუბიექტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას შორის.
„მიუხედავად იმისა, რომ სააფთიაქო ქსელებს აქვთ კანონიერი მიზანი - აკონტროლონ სააფთიაქო ქსელში მომსახურების ხარისხი, ამ ფორმითა და მასშტაბით მონაცემთა დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ არ იქნა მიჩნეული კანონიერი მიზნის ადეკვატურ და პროპორციულ საშუალებად. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიები იყენებენ სხვა მეთოდებს, როგორიცაა „მისტიკური მომხმარებლი“, ცხელი ხაზი, პრეტენზიის ფორმა, რაც დასაქმებულთა და მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში ნაკლებ ჩარევას გულისხმობს", - აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.