„სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობამ გვიჩვენა, რომ ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები საქართველოში ჯერ კიდევ არასათანადოდ ხორციელდება“, - აღნიშნულ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს და საქართველოში მცხოვრებ ყველა არასრულწლოვანს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს.
განცხადებაში დეტალურად არის საუბარი საქართველოში არსებულ პრობლემებზე.
„ჩვენს ქვეყანაში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არასაკმარისი რეაგირება, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მატება, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობისა და არასრულწლოვანთა თვითმკვლელობების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა უფლებების დაცვა, რეგიონებში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობა, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ბავშვთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა საჭიროებების უზრუნველყოფა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის, მათი უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების სისტემური და მასშტაბური განხორციელება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის „კომუნიკაციის პროცედურების შესახებ“ ხელმოწერისა და რატიფიკაციის პროცესი დღემდე არ დასრულებულა. აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ოქმი საერთაშორისო სამართლებრივი გზით არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ეფექტიან საპროცესო მექანიზმს წარმოადგენს.
„საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, განუხრელად შეასრულონ საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტებით ნაკისრი ვალდებულებები და თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უპირატესი ყურადღება მიმართონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისკენ“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.