MDF-ის კვლევის თანახმად, ერთწლიან საკვლევ პერიოდში, რომელიც 2014 წლის 17 თებერვლიდან 2015 წლის 18 თებერვლამდე მიმდინარეობდა, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის 573 შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 200 შემთხვევა, თურქოფობია/ისლამოფობიაზე, ხოლო ყველაზე ნაკლები - 36 შემთხვევა, არმენოფობიაზე მოდის.
კვლევის მიხედვით, ქსენოფობიის/ისლამოფობიის მაჩვენებელს ქსენოფობიის ტიპოლოგიაში მოსდევს სხვადასხვა ეთნიკური და ეროვნული ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციის 133, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის კი 67 შემთხვევა.
სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოვლენის თვალსაზრისით, ორგანიზაცია მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებისა და ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს, სასულიერო პირებსა და სხვა რესპონდენტებს აკვირდებოდა.
„მონიტორინგი 6 გაზეთის („ასავალ-დასავალი“, „რეზონანსი“, „პრაიმ ტაიმი“, „კვირის ქრონიკა“, „ალია“, „კვირის პალიტრა“); 5 ტელევიზიის („საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „იმედი“, „რუსთავი 2“ , „კავკასია“ და „მაესტრო“) დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და ტოქ-შოუებს, ასევე მედიაკავშირ „ობიექტივისა" და ტელეკომპანია „ტაბულას" პრაიმ-ტაიმის ტოქ-შოუების დაკვირვებას ითვალისწინებს. მონიტორინგი 6 საინფორმაციო ვებპორტალზეც („საქინფორმი“, „ინტერპრესნიუსი“, „ნეტგაზეთი“, „პირველი“, „რეპორტიორი“, „საქართველო და მსოფლიო“) ვრცელდება.
გარდა დაკვირვების ქვეშ მყოფი მედიასაშუალებებისა, წინამდებარე კვლევაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შესულია ამავე ტელევიზიების სხვა გადაცემებისა და სხვა მედიასაშუალებების ის მაგალითებიც, რომლებზეც რეაგირება მათი რეზონანსულობისა და გავლენის გამო მნიშვნელოვნად ჩაითვალა" - ნათქვამია კვლევაში.