მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა - ჰომოფობიური გამოხატვის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სტერეოტიპების წყაროების შესახებ.
მონიტორინგი ერთწლიან პერიოდს მოიცავს და მედიასაშუალებების დაკვირვების შედეგებს ასახავს: გაზეთების - „ასავალ-დასავალი“, „რეზონანსი“, „პრაიმ ტაიმი“, „კვირის ქრონიკა“, „ალია“, „კვირის პალიტრა“. 5 ტელევიზიის - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „რუსთავი 2-ის“, „იმედის“, „კავკასიისა“ და „მაესტროს“ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები და ტოქ-შოუები. ასევე, მედია-კავშირ „ობიექტივისა" და ტელეკომპანია „ტაბულას“ პრაიმტაიმის ტოქ-შოუები. ონლაინგამოცემები - „საქინფორმი“, „ინტერპრესნიუსი“, „ნეტგაზეთი“, „პირველი“, „რეპორტიორი“, „საქართველო და მსოფლიო“, „Geoworld.ge“.
მონიტორინგის პერიოდში სულ ჰომოფობიური გამოხატვის 331 ფაქტი გამოვლინდა, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და გენდერული სტერეოტიპების ტირაჟირების - 74.
კვლევამ აჩვენა, რომ დისკრიმინაციის წყაროების მიხედვით, ლიდერობენ მედიაწარმომადგენლები (ჯამში 145 ფაქტი), მეორე ადგილზე არიან საზოგადიოების სხვა წარმომადგენლები - 120 ფაქტი. ჰომოფობიური გამოხატვისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და გენდერული სტერეოტიპების ტირაჟირების პირველ ადგილს გაზეთი „ასავალ დასავალი“ (59 ფაქტი) იკავებს. მას მოსდევს გაზეთი „კვირის ქრონიკა“ (25 ფაქტი), შემდეგ ადგილზეა „Geoworld.ge “ (13 ფაქტი).
პარტიების მიხედვით, პირველ სამეულში შედის „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“, „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი“.
კვლევამ აჩვენა, რომ ჰომოფობიის კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს დისკრიმინაციისკენ, ძალადობისკენ მოწოდებას, ანტიდისკრიმინაციული კანონის მწვავე კრიტიკას და მის გაიგივებას მხოლოდ ლგბტ ჯგუფებთან. მეორე ადგილზეა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს თემა თავსმოხვეულია გარედან, დასავლეთისგან. მესამე ადგილზეა ლგბტ ჯგუფის სტიგმატიზების მცდელობა, პარალელები დანაშაულსა და უზნეობასთან.
მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა, რომ მედია და მედიის წარმომადგენლები ლგბტ თემატიკის გაშუქების დროს ხშირად არღვევენ ჟურნალისტურ სტანდარტს, მეტიც - ხშირ შემთხვევაში თავად გვევლინებიან ჰომოფობიური გამოხატვის წყაროდ.
„ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო მედია - გაშუქების 108 ფაქტი, რომელთა შორის ჰომოფობიური გამოხატვა გვხვდება ჟურნალისტის გამონათქვამებში, ან სათაურში, რაც ასევე სარედაქციო პოზიციის მაჩვენებელია. ასევე, რამდენიმე შემთხვევაში გვხვდება ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა იდენტობის დაუსაბუთებელი მითითების, სათაურის შეუსაბამობისა თუ სხვა დარღვევის სახით," - ნათქვამია კვლევაში.
ჰომოფობიური გამოხატვის ყველაზე მეტ შემთხვევას ვხვდებით ბეჭდვით მედიაში (78), რასაც მოსდევს ონლაინ (21) და სატელევიზოიო მედია (9).
2014 წლის 17 თებერვლიდან 2015 წლის 17 თებერვლამდე მედიაში პოლიტიკური წარმომადგენლების მხრიდან ჰომოფობიური გამოხატვის 70 შემთხვევა აღინიშნა. ჰომოფობიური გამოხატვის მიხედვით, პირველ ადგილზეა პოლიტიკური გაერთიანება "„ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია“ (20) და მასთან დაკავშირებული ორგანიზაცია „სახალხო კრება“ (5), შემდგომ პოზიციაზე არიან „ქართული ოცნებისა"(16) და „პატრიოტთა ალიანსის“(12) წარმომადგენლები, მათ მოსდევს: „ლეიბორისტული პარტია“ , პარტია „იმედი“, „თავისუფალი საქართველო", „თავისუფალი დემოკრატები", „სახალხო პარტია".
კვლევაში ნათქვამია, რომ კოალიცია „ქართული ოცნების" ძირითად გზავნილებში დომინანტური ადგილი უკავია მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობა არის დაავადება, ნორმიდან გადახრა, არატრადიციული ორიენტაცია, ასევე, ვრცელდება აზრი იმის თაობაზე, რომ ლგბტ პირებს აქვთ არსებობის უფლება, მაგრამ არა საჯარო სივრცეში თვითგამოხატვის.
ჰომოფობიური გამოხატვის კვლევის დროს ცალკე გამოიყო რესპონდენტები - სასულიერო პირები და აქცენტები და მოსაზრებები, რომლებიც ლგბტ თემატიკასთან დაკავშირებით მათ მედიაში გამოთქვეს. მონიტორინგის შედეგად ასეთი სულ 42 შემთხვევა დაფიქსირდა. რესპონდენტთა უმრავლესობა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელია.
„ამ კუთხით მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა გაშუქების მიხედვით „ასავალ-დასავალი" ლიდერობს. სხვა ჯგუფების გაშუქებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ხუთ გამოცემაში, რომელიც ყველაზე ხშირად აშუქებს სასულიერო პირების ჰომოფობიურ გამონათქვამებს, ამჯერად „ასავალ-დასავალის" „ალიასა" და „საქინფორმის" გვერდით, საინფორმაციო სააგენტო „ნტერპრესნიუსი“ და სააგენტო „პირველი“ გვხვდება", - ნათქვამია კვლევაში.
საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან ჰომოფობიური გამოხატვის 95 შემთხვევა აღინიშნა. ამ თვალსაზრისით,წამყვან ადგილებზე არიან: პოეტი რეზო ამაშუკელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მსახიობი მიშა გომიაშვილი.
მედიაგანვითარების ფონდი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა მედიამონიტორინგს, რომლის მიზანია მედიასა და საჯარო დისკუსიებში სიძულვილის ენის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სტერეოტიპიზაციის, ასევე ანტიდასავლური განწყობების წყაროების გამოვლენა.