
მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს. ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
IFC-ის 10 წლიანი სუბორდინირებული სესხი, 90 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 20 მილიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის შექმნილი ევროპული ფონდიდან (EFCE) იქნა მოზიდული, მიზნად ისახავს ხელი შეუწყობს ფინანსური მომსახურების გაფართოებას საქართველოში, სადაც ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. დაფინანსების შედეგად მოსალოდნელია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ზრდა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა წარმატებით დაასრულა მისი არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაფინანსების გარიგება, ხსენებული სუბორდინირებული სესხი კიდევ უფრო გააუმჯობესებს მთლიანად ბანკის კაპიტალიზაციას და ხელს შეუწყობს ბანკის შემდგომ ზრდას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი დიდი ხნის პარტნიორს, IFC-ის, მუდმივი თანამშრომლობისთვის” - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.