სოციალური მომსახურების სააგენტო დაავადებათა კონტროლის ცენტრს „ნარკომანიის“ პროგრამის ფარგლებში შესყიდულ მეტადონს (3000 ფლაკონი 10მგ/მლ 100მლ ფორმის მეტადონის ჰიდროქლორიდი) უსასყიდლოდ გადასცემს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2 ივნისის № 1122 განკარგულებით ირკვევა.
განკარგულების მიხედვით, ვიდრე დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდულ მედიკამენტს მიიღებს, სააგენტოსგან მიღებულ მედიკამენტს მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტების შეუფერხებელი მკურნალობისათვის გამოიყენებს.
განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ შესყიდული მედიკამენტის მოწოდებისთანავე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მედიკამენტი იმავე ფორმით სააგენტოს უკანვე უნდა დაუბრუნოს.
როგორც „ლიბერლთან" საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე ამბობს, შესყიდვებთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს და ცენტრმა აღნიშნული შეთანხმება თავის დაზღვევის მიზნით გააფორმა.
„რომ ავიცილოთ რისკი, რათა არ შეიქმნას წყვეტა, დავიჭირეთ დათარიგი, თუმცა პოტენციურად შესაძლოა ეს რისკი არც შეიქმნას", - ამბობს ხონელიძე.